ნატო დუმბაძე 15 ოქტომბერს იუბილარია. მუსიკალური პროდიუსერი ასაკს არ აკონკრეტებს. ჩალმების გაკეთება დაიწო, ასაკმა მოიტანაო, სიცილით გვითხრა. არც ფერად სამოსში გამოწყობილს ეზარება, საკუთარ ეზოში, ნაუცბათევი ფოტოსესიის მოწყობა.
ნატო დუმბაძე: – ეს მზა ჩალმები არ არის. ქსოვილებს ვიძენ და სახელდახელოდ უცებ ვიკეთებ, მოვიხვევ, უკან თმისამაგრს დავიმაგრებ და ლუქს ავაწყობ.
ალბათ, მართლა ასაკთან ერთად მოვიდა თავსაბურავის გაკეთების სურვილი. ამდენი წელია მიცნობ და იცი, რომ აქამდე არასდროს მომდომებია თავზე რაღაც დამეხურა.
– ჩალმასთან ერთად გაფერადდი. შავები აღარ გაცვია…
– კი, შავი მიყვარდა. ბოლო პერიოდია არა მხოლოდ მე, გაფერადდა საქართველო, რაც ძალიან მიხარია. მოდის მხრივ თავისუფლები გავხდით. ადრე თუ შავი და ნაცრისფერი სამოსი გხვდებოდა თვალში, უკვე ასე არ არის.
ძალიან მომწონს ფერადი ახალგაზრდებიც და ხანშიშესულებიც. რა თქმა უნდა, შუა ხნის ასაკის ადამიანებიც.
ევროპაში რომ მივდიოდი, იქ ვნახულობდი კეტებში გამოწყობილ ფერად სამოსიან ხალხს. უკვე ჩვენც ასე გამოვიყურებით. ქართველები ძალიან მოდურები ვართ და არაფრისგან ვქმნით რაღაცას.
თან ეს ფერადი სამოსი მახალისებს და მზე არის თუ არა, მე ვცდილობ, რომ გამოვმზეურდე.

სხვათა შორის, ეს არმანის პალტო მაჩუქეს. სოციალური ქსელების თვალიერებისას მაღაზიის “ინტსაგრამ” და “ფეისბუქ”-გვერდი შემხვდა და “დავალაიქე”. ვიღებ წერილს, რადგან თქვენ ეს პალტო მოგეწონათ, საჩუქრად გიგზავნითო. და სახლში მომიტანეს. ძალიან ლამაზი პალტოა. ძალიან დიდი მადლობა მათ.
ეს ოქროსფერი პალტო გუშინ მაჩუქა ჩემმა დამ, 15 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს და უკვე დამასაჩუქრა.

დაბადების დღის გადახდას არ ვგეგმავ. არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ სიტუაციაში გრანდიოზული წვეულება გავმართო. პატარას არ ვიხდი, ვინმე რომ ნაწყენი არ დამრჩეს. შარშან მქონდა დაგეგმილი, რომ წელს დიდი დაბადების დღე გადამეხადა.
– რატომ მრგვალი თარიღია?
– მივდივარ მრგვალი ასაკისკენ. ალბათ, სახლშიც არ ვიქნები. მეგობართან ერთად წავალ.
არ ვიცი, ასაკი დავასახელო თუ არა, მოდი, 15 ოქტომბერს დავასახელებ (იცინის). რატომღაც ყველას აინტერესებს. ჯერ კიდევ პატარა გოგო ვგონივარ… ეს მახარებს.






