“Super ბებიები” “ფორმულას” ახალი თოქშოუა. შუადღის ეთერს საინტერესო სამეული შაბათ-კვირას ერთი საათით იკავებს. მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი და ექიმი რუსო თოდრაძე მაყურებელს თავის გამოცდილებას უზიარებს.
როგორც ლაურა რეხვიაშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა, წამყვანები ეცდებიან თავიანთი ტემპორიტმით, გემოვნებით, დაგროვილი გამოცდილებით არა მხოლოდ ასაკიანი მაყურებელი, არამედ ახალგაზრდებიც დააინტერესონ.
ლაურა რეხვიაშვილი: – იცით, რა მხიბლავს “Super ბებიებში?” უფროსი თაობის ადამიანები დღეს ნაკლებად საუბრობენ, საზოგადოების ამ ნაწილის ხმა მიჩქმალულია, თითქოს საჭირო არც არის. არადა, არსებობს მილიონი ადამიანი, რომელსაც ასაკში გამოცდილების და ჭკუის გამო ბევრი რამ მოეკითხება.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, ექიმი რუსო თოდრაძე “მთავარის” დილის თანაწამყვანის, სამოქალაქო აქტივისტის – ანი სუბელიანის დედაა. ფიზიკური მსგავსება სახეზეა. აღმოჩნდა, რომ მეამბოხე ხასიათით ანი სწორედ მას ჰგავს.
კარგად გახსოვთ კლუბებში – “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციების გასაპროტესტებლად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები, სადაც 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე აქტივისტებს შორის ანი სუბელიანიც იყო. ანი მაშინ, ამ საქციელის გამო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეაჩვენა.
როგორც ქალბატონმა რუსომ გადაცემის სიუჟეტში მოჰყვა, 9 აპრილის ღამეს, მძინარე შვილები სახლში ჩაკეტა და ქმართან ერთად ორსული მივიდა აქციაზე. მიმდინარე მოვლენებს, ბედად, რამდენიმე საათით ადრე გამოასწრო, თურმე. იმ დროს სწორედ ანიზე იყო ორსულად…

ანი Prime ამბებთან დედაზე საუბრობს.
ანი სუბელიანი: – დედა მაგარი ტიპია. ბევრი ნაბიჯით უსწრებს თავის თანატოლებს. თანამედროვეა. გარდა ფიზიკური მსგავსებისა, ხასიათითაც ვგავარ დედას. თვითონაც დადიოდა 1989 წლის აქციებზე. მეამბოხეა.
აქამდე საერთოდ სატელევიზიო გამოცდილება არ ჰქონია. ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგად გაართვა თავი შოუს წაყვანას. პროდიუსერმა გააკეთა ჯადოქრობა…
მგონია, რომ მალე პროგრესი ექნება. პირველთან შედარებით, მეორე გადაცემა ბევრად უკეთესი იყო. წამყვანები კიდევ უფრო შეთამაშებულები იქნებიან. დაამსხვრევენ სტერეოტიპებს, თავიანთ როლს შეასრულებენ საზოგადოების ცხოვრებაში.
ბედნიერია, რომ კარგი გამოხმაურება მოჰყვა პირველ ორ გადაცემას. ამბობს, რომ სოციალურ ქსელში თუ რაიმე ნეგატიურს გადააწყდება, არ წაიკითხავს (იცინის).

ქალიშვილზე Prime ამბებთან ქალბატონი რუსოც საუბრობს.
რუსო თოდრაძე: – ხუმრობით ვამბობ, რევოლუციონერი გავაჩინე-მეთქი. მთელი სულით და გულით ვიყავი აქციებში ჩართული. ანიც ჩემს მსგავსად მეამბოხეა.
მამა ხუმრობით – ანარქისტს მეძახდა. ყველაფერს ვაპროტესტებდი, ისე თამამად არა, როგორც დღეს ახერხებენ ამას ახალგაზრდები, თუმცა იმ დროში ჩემი ეს პროტესტი უკვირდათ.
რაც შეეხება ანის ცეკავს 9 აპრილის მემორიალზე. ეს იყო პროტესტი. წინასწარ დადგმული ცეკვა არ ყოფილა. ისეთი ნეგატიური ტალღა წამოვიდა სოციალურ ქსელში, რომ ლამის დეპრესიაში ჩავარდა ბავშვი. მძიმედ გადაიტანა. ვუთხარი, აღარ წაიკითხო, არ აყვე, მე გიგებ-მეთქი.
სხვათა შორის, უნდა გითხრათ, დილის 4 საათზე მე გავაღვიძე ანი, “ბასიანში” მივარდნენ-მეთქი. ეს რომ არ მეთქვა და დილით გაეგო ჩემგან, გაბრაზდებოდა. 5 წუთში მოპედზე მომჯდარი გაქრა, სამი დღე სახლში არც მინახავს.
ეს ხასიათია. მეც ასეთი ხასიათი მქონდა.










