ზურა ხაჩიძე ტაბაკინის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ახლობელი ბერის რეკომენდაციით მოხვდა. მარხვის პერიოდის გატარებას იქ აპირებს. მონასტრის ბერებს ყველა ტიპის საქმიანობაში ეხმარება, უვლის მონასტრის წინამძღვრის მიერ გაშენებულ ქართულ ნაგაზებს.

ზურა ხაჩიძე: – მამა მოსემ წამიყვანა ამ წმინდა გიორგის სახელობის მე-6-მე-7 საუკუნის ისტორიულ ტაძარში. სამსახურში, მეტწილად, დისტანციურად ვმუშაობდი. თან მინდოდა მარხვის პერიოდი მონასტერში გამეტარებინა, ხათუნასთვის მელოცა… მისი ჯანმრთელობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხათუნა რომ კარგადაა, ეს უფლის დამსახურებაა. მადლობა ღმერთს ამისთვის.

ბერებს სამეურნეო საქმიანობაში ვეხმარები. ამ მონასტრის გარშემო არაფერი იყო და მისმა წინამღვარმა, არქიმანდრიტმა მამა იაკობმა ინფრასტუქტურა გააშენა.
30 წელია მამა იაკობი ქართული ჯიშის ნაგაზს ამრავლებს, ძაღლსაშენი აქვს. ამით ამ ჯიშის გადარჩენას ეხმარება და საშვილიშვილო ქართულ საქმეს ემსახურება. ამ ძაღლებს ევროპის ჩემპიონობა აქვთ მოგებული. მეცხვარეები იძენენ, ვიღაცებს საზღვარგარეთ მიჰყავთ.

ასე ყიდულობენ ნაგაზებს და ეხმარებიან მონასტერს. ახლა ბერებს ვეხმარები ნაგაზების მოვლაში. ძალიან საყვარლები არიან. ჩემთვის ძაღლი ადამიანის მეგობარია. მით უმეტეს – ეს ჯიში. უერთგულესია.
მონასტერს თქვენი სტატიაც მიეხმარება ძაღლების რეალიზებაში. ახლა, პანდემიის დროს, ყველაფერი გაჩერებულია და ვინც, ნაგაზების რეალიზებაში, მონასტერს დაეხმარება, კარგ საქმეს გააკეთებს. (მამა იაკობის ნომერია 599504861)

ასე ვცხოვრობ სამონასტრო ცხოვრებით. ვცდილობ, მე ცოდვილს შემეწიოს აქაური ლოცვა…
გავიგე, გუშინდელ ჩემს “პროფილს” დიდი რეიტინგი დაუდია. მამაოს ვკითხე, ეთერით მოყოლილი ჩემი სააღსარებო თემით სხვას ხომ არ დავაბრკოლებ-მეთქი? თუ კარგი მიმართულებით შეუძახებს სხვას, გადაარჩენს და უფლის გზას დაადგება, პირიქით, დაეხმარებაო, მიპასუხა. ყველა ჩვენი განსაცდელი გვაძლიერებს. ეს უფლის მადლია.

ჩემს დაბადების დღეს, 25 დეკემბერს აქ ვიქნები. არასდროს შევხვედრივარ ტაძარში ამ დღეს. არაფერი დამიგეგმავს. ალბათ, მონასტრის საძმო ვიწროდ აღვნიშნავთ.
ცოტა ხნის წინ მოთოვა. იმედი მაქვს, ჩემს დაბადების დღეს კიდევ მოთოვს. “თოვლის კაცი” ვარ, მიყვარს თოვლი.









