“საკმაოდ კრიტიკულია, სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩერდეს გული. რეანიმაცია მწვავდება, ნებისმიერ დროს შეიძლება დაფიქსირდეს ბიოლოგიური სიკვდილი” – მსახიობის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გვითხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
85 წლის იყო. ვერაგი ვირუსი ნოემბრის ბოლოს შეეყარა. მერე თითქოს გაიმარჯვა მასზე. სახლშიც მოასწრო ყოფნა, თავის გემოზე…
ერთადერთი ვაჟი ამერიკიდან ჩამოვიდა და სახლში გაწერილ მამას, სიურპრიზად მიაკითხა კლინიკაში. ქალიშვილთან ერთად უვლიდა ირაკლი, მონატრებულ და ნაავადმყოფარ მამას ესიყვარულებოდა… თებერვალში ფილტვების ანთებით ისევ უკან მიაბრუნა ლევან რატიანმა.
ქრონიკული დაავადებების მქონეს, კოვიდმა ჯანმრთელობა შეურყია. უკანასკნელი თვეები რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. პერიოდულად მძიმდებოდა. ექიმები არ ნებდებოდნენ.
და ვნების კვირაში აღესრულა…
მანანა ბერიკაშვილი: – კახი ისეთივე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორიც დარჩა მამაჩემი. თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია. თავის გივისთან, ბელასთან და ახლობლებთან წავიდა.
ბოლოს რომ ვნახე, მომიტრიალდა და მითხრა, კაცო, რა არის იცი? ადგა და წავიდაო! ვერ მივხვდი. ვინ წავიდა-მეთქი? ვინ და გივი! ადგა, წავიდა და დამტოვაო. გაბრაზებულმა მითხრა, თავისი მანერით. ამაზე სულ აღშფოთებული იყო. ვერ მიიღო ეს ინფორმაცია. ისინი ხომ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ.
ბევრი იწვალა და გული მტკივა.
გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, ისიც სამშაბათს, რადგან შაბათს დავკრძალეთ. დაიბარა, ბელას გვერდით დამკრძალეთო, მაგრამ, ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა.
ჩემთვის ის ისეთივე ახლობელია, როგორ მამაჩემი. ჯერ გონს ვერ ვართ მოსული.







