საკუთარი ძალაუფლების მიუხედავად ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, იშვიათად იღებს დიდ გადაწყვეტილებებს. მან წლების შემდეგ, პირველი გამონაკლისი დაუშვა და პატიმრობის ვადა შეუმცირა მკვლელობისთვის გასამართლებულ სტივენ გალანტს, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ლონდონის ხიდზე ტერორისტის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დედოფალმა გალანტის პატიმრობის ვადა 10 თვით შეამცირა, 2021 წელს კი ის შეძლებს კომისიას ვადამდელი გათავისუფლების შესახებ თხოვნით მიმართოს. საბოლოო განაჩენს სწორედ კომისია მიიღებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დედოფლის გადაწყვეტილებას შეცვლის. ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დედოფალი შეწყალების უფლებას იშვიათად იყენებს, თუმცა ამ შემთხვევაში მას გალანტის „მამაცი საქციელის“ წაქეზება ურჩიეს, რადგან მან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვები გადაარჩინა.

2005 წელს, გალანტს მეხანძრის მკვლელობისთვის 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წლის 29 ნოემბერს კი პატიმრების რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაუშვეს, რომელიც ლონდონის ხიდზე მდებარე მეთევზეთა გილდიის შენობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე უსმან ხანიც იმყოფებოდა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს თავს დაესხა და 2 ადამიანი მოკლა. გალანტმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ბოროტმოქმედის შეჩერება სცადეს და პოლიციის მისვლამდე დააკავეს.






