ქორწილი შეყვარებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თარიღია. შესაბამისად ყველა ცდილობს ეს დღე ლამაზად და ორიგინალურად აღნიშნოს. თუმცა 2020 წელს უამრავი ქორწილი პანდემიის გამო ჩაიშალა, მან კი ვისაც კრეატიული ნიჭი აქვს, შეზღუდვების მიუხედავად, დაუვიწყარი და ლამაზი საქორწინო ცერემონიალი მოაწყო.

სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა პატარძლის ანა რაზმაძის ქორწილი მოექცა.
პანდემიურმა ქორწილმა ორიგინალურობის გამო მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ვინაიდან ხალხმრავალი წვეულებები აკრძალულია, ახალგაზრდა პატარძალმა, რომელიც ერთ-ერთი ივენთ-კომპანიის თანამშრომელია და 3000-მდე ქორწილის წამყვანი გახლდათ, ქორწილი ულამაზეს რაჭაში, შაორის ტბაზე გადაიხადა.


მისი ქორწილი მოგაგონებთ უცხოელი ვარსკვლავების წვეულებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად მდიდრულ კურორტებზე მიდიან და სტუმრებს იახტებზე მასპინძლობენ.
ანას ქორწილის სტუმრები მხოლოდ მეჯვარეები გახლდნენ.

საკუთარი ქორწილის ორგანიზებაში პატარძალს მისი ივენთ-კომპანია დაეხმარა, რომელმაც წვეულების ორგანიზება ზუსტად სამ დღეში, ყველა რეგულაციის დაცვით მოახერხა.

ქორწილის ადგილად ულამაზესი რაჭა და შაორის ტბა შემთხვევით არ შერჩეულა. როგორც ანა ჩვენთან საუბარში ამბობს, მას ბავშვობა რაჭაში აქვს გატარებული, შესაბამისად ეს ულამაზესი ადგილი ქორწილისთვის მეუღლემ, სწორედ ამიტომ შეურჩია.
ქორწილში ანა ყველაზე მეტად, წვეულების მთავარ სტუმარზე – საკუთარ ბებოზე ღელავდა, რომელიც ასაკის გამო, რისკ-ჯგუფშია. აღმზრდელი ბებო მას ქორწილში სიურპრიზად მიუყვანეს.






