წლის ბოლო დღეს ვიხსენებთ ანიტა ფაცაციას. ორი წლის ანგელოზისთვალებას, რომელმაც სხვისი გულით ცხოვრება არ ისურვა და ციური ანგელოზების დასს საკუთარი პატარა გულით შეუერთდა.
გოგონა, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სრულიად გააერთიანა საქართველო და მასზე ჯანმრთელობის ზრუნვაში შეკრა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და ვხარობდით საბოლოოდ ანიტას ინდოეთში მოხვედრით, სადაც მისთვის გული უნდა გადაენერგათ. მაგრამ უფლის განგებით ის მარადისობას შეუერთდა…
მარიკო სადრაძე: – 2017 წლის 14 აგვისტო… ვადაზე ერთი თვით ადრე დაიბადა ანიტა… ჩემმა გოგომ ისევე იჩქარა ჩემთან მოსვლა, როგორც ჩემგან წასვლა. მაინც მადლობელი ვარ, რადგან 2 წელი და 5 თვე ხომ ვიყავით ერთად… ამ დროის მანძილზე ხომ მაინც გამოვცადე ის ბედნიერება, რაც შენთან ურთიერთობამ მომიტანა.
ამ ახალ წელს ერთად შევხვდით და მინდოდა ჩამეფიქრა, რომ 14 აგვისტოსაც ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ ჩავიფიქრე, რადგან ეს ნიშნავდა იმის დაშვებას (თუნდაც 1%-ით), რომ ჩვენი დაშორება შესაძლებელი იყო. მე და ანიტა არასდროს ვყოფილვართ ცალ-ცალკე და ახლა სხვადასხვა განზომილებაში აღმოვჩნდით, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
მიუხედავად ამისა, მაინც არ ვგლოვობ. პირიქით, ძალიან, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ გამოვცადე შენი დედობის სიტკბო. მიყვარხარ უსასრულოდ და ველოდები ჩვენს მომდევნო ჩახუტებას.

ალბათ, გახსოვთ მტრედი, რომელიც სიმბოლურად ანიტას აჩუქეს და ის გოგონას საფლავს არ შორდებოდა. როგორც ანიტას ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ გვითხრა, მტრედი მოკვდა.
“დაჭრილივით იყო საფლავზე რომ ვნახეთ. შეიძლება რაღაცამ შეჭამა. აღარ ჩანს, მოკვდა.” – “პრაიმამბებს უყვება თამუნა.
მან სიახლეც გაგვანდო. ანიტას წლისთავისთვის, 30 იანვრისთვის იბეჭდება ლექსების კრებული, რომელშიც გოგონას ბებიის ასი ლექსი შევა.
თამუნა გლურჯიძე: – ანიტა რომ გარდაიცვალა, ლექსების წერაც იმ დროს დავიწყე. რაღაცნაირად თავისით მოვიდა მუზა. ლექსებს “ფეისბუქზე” ვდებდი და იქ მომაწოდეს კრებულის გამოშვების იდეა.
ყველა ლექსში ანიტა ერთხელ მაინც არის ნახსენები. სიმბოლურად ასი ლექსი ავარჩიე და კრებული უკვე სტამბაშია.
“მოფერება ლექსებად” ასე ერქმევა კრებულს, რომლის გამოშვება იანვრამდეც მინდოდა, მაგრამ არჩევნებმა შემაფერხა, ცესკოში ვმუშაობ. მინდა ანიტას წლისთავისთვის სიმბოლურად მოესწროს მისი გამოშვება.
კრებულის რეალიზება, პანდემიის პირობებში, ალბათ, ძალიან გაჭირდება, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. ტირაჟზე, გარეკანზე ახალი წლის დღეების შემდეგ შევჯერდებით. კრებული ჩემი სახსრებით (ახლობლების დახმარებით) გამოდის.
მინდა ეს წიგნი ოჯახებში შევიდეს და უბრალოდ იცოდნენ ამ ბავშვის არსებობის შესახებ.














