დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ილია მეორე 88 წლის გახდა.
ცხოველებისადმი უწმინდესის სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება, ცნობილია. აი, რას ჰყვება ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე სამი წლის წინანდელ “რეაქციაში”.
ეთერ თათარაიძე: – ახლობელმა პატრიარქს ყაზბეგიდან მგლის ლეკვი ჩამოუყვანა და საპატრიარქოში დაუტოვა. უწმინდესი ლეკვს ყოველ დილით აკითხავდა და სიბრალულით ელაპარაკებოდა – როგორ მოგიყვანეს, საერთოდ რატომ მოგიყვანეს, ან როდემდე უნდა იყო აქ? ხომ უნდა წახვიდე იქ, სადაც ყველაზე მეტად ბედნიერი იქნებიო? მას კი, ვინც ლეკვი აჩუქა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ შეკადრა, რომ მგელი ტყვეობაში ყოფნას ვერ გაუძლებდა და არ უნდა მოეყვანა.
მოკლედ, ის ზამთარი ერთად გაუტარებიათ. გაზაფხულზე ეს ადამიანი მაინც დაუბარებია და უთქვამს, წაიყვანე და გაუშვი, სადაც უნდა, იქ წავიდეს, შინ არ მიიყვანოო. გასულა დრო. როცა უწმინდესი სნოში ჩასულა, მისულა ამ კაცის სახლში. აინტერესებდა, ის ლეკვი სახლში ჰყავდა თუ გაუშვა. ისევ იქ რომ დამხვდაო, მიყვება პატრიარქი, გავოგნდიო.
ბადე იყო მის სამყოფელზე შემოვლებული, ახლოს მივედი, ბადეში ხელები ჩავყავი და ვუთხარი, შენ ისევ ტყვეობაში ხარ? ისევ აქ ხარო? შემომხედა, მოვიდა ამ თვალებით და ხელების ლოკვა დამიწყოო.

მეორე ისტორიასაც შევესწარი. თუშეთსა და ხევსურეთში ვახლდით პატრიარქს. ერთად გადავიარეთ კავკასიონი, ბევრ რამეს ვუსმენდით, ერთად გავათენეთ ღამეები…
ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.
გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინეს პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?









