მაიკო კაჭკაჭიშვილი ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორია, რომელიც მუდმივად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ის გემოვნებიანი მუსიკის შექმნის გარდა, პირდაპირობითაც გამოირჩევა, შესაბამისად მუდმივად აქტუალურია.
მაიკო ორი შვილის დედაა, მას და ასევე, ცნობილ მუსიკოსს ტყუპი ვაჟები ჰყავთ, რომლებიც ნიჭიერებით გამოირჩევიან.
მაიკოს და ლევანის ოჯახი ბევრი წლის წინ დაინგრა. რამდენიმე თვის წინ, ჟურნალმა „თბილისელებმა“ ლევან ლაზარიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მუსიკოსი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას არ გამორიცხავდა, თუმცა მაიკო კაჭკაჭიშვილი ოჯახის აღდგენას არ აპირებს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილ ქმართან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს.
გასული წელი კაჭკაჭიშვილისთვის მძიმე აღმოჩნდა, ერთ კვირაში მან ოჯახის ორი უსაყვარლესი წევრი დაკარგა – ბებო და ბიძა.
– ძალიან მძიმე იყო ეს წელი ჩემთვის. ერთ კვირაში დავკარგე ოჯახის ორი წევრი. ჩემი ბებო და ბიძა.
– როგორ გაიხსენებთ ბებოს, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ?
– ჩემი გამზრდელი ბებო იყო. მას არასდროს აუწევია ხმა ჩემთვის. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული იყო, ჯერ იყო ბებო, შემდეგ შვილები და დედა. მთელი ცხოვრება პირველ ადამიანად დარჩება ის ჩემთვის.
– რა გეხმარებათ ამ ტკივილის გადატანაში?
– ბაბუაჩემზე ზრუნვა მეხმარება. ერთ კვირაში მას ცოლიც და შვილიც დაეღუპა. თვითონაც კოვიდი დაამარცხა, 91 წლის არის და ახლა მასზე ვზრუნავთ. გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს და ჩვენც ვცდილობთ შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა. აქ ჩამოვიყვანე, დედა, ბაბუა, ჩემი და ყველა ერთად ვართ. მაინც უნდა თავის სახლში, ასე რომ ჩამყავს და ჩამომყავს.
– თქვენს შემოქმედებაზე როგორ აისახა კორონაპანდემია?
– კორონა აისახა ძალიან მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ სტუდიაში არ ვმუშაობ, მუსიკოსს სჭირდება განწყობა და სტუდიაში მუშაობა, ამ ჩაკეტვამ და ყველაფერმა კი გამოიწვია, ის რომ სტუდიაში ვერ დავდივართ და ვერ ვიხარჯები.
– თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ დაწერეთ ერთი ახალი სიმღერა, რომელსაც მომღერალი კახა კუხიანიძე ჩაწერს…
– როგორც ვთქვი, ძალიან მძიმე წელი მქონდა, დიდი სტრესები მაქვს გამოვიარე და ეს ყველაფერი გადმოვეცი ამ სიმღერაში.
– ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, რა გეხმარებათ სირთულეების გადატანაში?
– რა მეხმარება და მარტოობა მეხმარება. მეხმარება ის რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა არის ჩემზე. ვიცი მეორე ადამიანი არ არსებობს, ვინც გაიგებს და გაიზიარებს ჩემს პრობლემას. რაც არ გკლავს გაძლიერებს და საბოლოოდ ამირან კლდეზე მიჯაჭვული ვარ. ოღონდ ახსნილი ჯაჭვებით.
– ბავშვობიდან ასეთი დამოუკიდებელი იყავი?
– არა, 14 წლიდან როცა დავწერე პირველი სიმღერა და ავიყვანე პირველი მოსწავლე, აქედან დაიწყო ჩემი დამოუკიდებლობა.
– თინეიჯერი შვილების დედა ხართ, მათ ახლა რთული ასაკი აქვთ, თუ აწყდებით სირთულეებს?
– სირთულეებს ვაწყდები, მაგრამ მათ აქვთ ერთი თვისება, არიან ძალიან ზრდილობიანები, შინაგანად უზით ეს გრძნობა, რომელსაც თავზე ვეღარ ახტებიან. ამიტომ რაც ამ ასაკში სირთულეები აქვთ თინეიჯერებს, ეს გრძნობა აკავებთ.
– მკაცრი დედა ხართ?
– მკაცრი დედა ვარ, მაგრამ ამავე დროს მეგობრული. 80 % მკაცრი დედა ვარ, 20 % მეგობრული.
– მამა რა ფორმით არის ჩართული მათ აღზრდაში?
– მამა სულ ჩვენთან ერთად არის, მაგრამ ტყუპები და ლევანი, პირდაპირი გაგებით ძმაკაცები არიან.
– არაერთი რთული პერიოდი გქონიათ თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის ის დრო, როცა ოჯახი დაანგრიეთ, რომელი იყო ყველაზე რთული ეტაპი?
– ოჯახის დანგრევა მე არ გადამიტანია რთულად, იმიტომ რომ მე ვიყავი ინიციატორი. შესაბამისად მძიმედ არ გადამიტანია. ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ბებოს დაღუპვა.











