გია ჯაჯანიძე ახალ გადაცემას იწყებს. ჯერჯერობით, არხს არ ასახელებს. გადაცემა “ადამიანს”, რომელიც 80-იან წლებში “პირველ არხზე” გადიოდა და 24 წლის ასაკში თავად ამზადებდა, ისევ აცოცხლებს. როგორც ამბობს, მისი ახალი გადაცემის მისია ადამიანების გაბედნიერებაა.
გია ჯაჯანიძე: – მაშინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, კინოსარეჟისოროც დამთავრებული მქონდა. ჩემი აზრით, ვიკვლევდი ადამიანს, რატომ იყვნენ ბოროტები ან კეთილები, დაინტერესებული ვიყავი ადამიანების თვისებებით. ვიღებდი ინტერვიუებს, ვეძებდი საინტერესო ამბებს. ძიებაში ვიყავი…
და ახლა, როცა უკვე გამოცდილებამ დამაბრძენა, მაყურებელს ძირფესვიანად უნდა გადავცე დაგროვილი ცოდნა. გადავწყვიტე გადაცემაში შევეხო ყველა ტიპის ადამიანს. მე ჯერ უინტერესო ადამიანი არ შემხვედრია. არსებობენ უინტერესო მსმენელები. ისინი, ვინც ამქვეყნად მოვიდნენ, ცხოვრობენ, აკეთებენ, შრომობენ, აქვთ თავიანთი მისია, მე კი მათზე ვისაუბრებ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მისია არ აქვთ. მე დავამტკიცებ, რომ არ არსებობს ადამიანი მისიის გარეშე. ისინი თუნდაც იმისთვის არსებობენ, რომ სხვამ გაიგოს, როგორი არ უნდა იყოს ან – პირიქით.
პირველი გადაცემის შინაარსს გაგიმხელთ. პირველი გადაცემაა – დაბადება. რას განიცდის ორსული ქალი, რა ემოციები აქვს, როგორ უნდა გადასცეს დადებითი ემოციები მუცლად მყოფ შვილს და ა.შ.
მოკლედ, ეს არის გადაცემა ყველაზე და ყველაფერზე, რაც ადამიანმა შექმნა. ყველა, ვინც ამ გადაცემას უყურებს, გახდება ბედნიერი და აღარ ჩაიდენს ბოროტებას.
რაც შეეხება “სხვა რაკურსს” , ის ძველებურად გავა ეთერში. ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული გადაცემაა და მას ახალი გადაცემა, რომელსაც სულ სხვა გეზი აქვს აღებული, არაფერში შეუშლის ხელს.
ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს დადებითი განწყობა აძლიერებს. მე ჩემი გადაცემით, პანდემიის დროსაც ვახალისებდი დამძიმებულ ხალხს. უდიდესი სურვილი მაქვს, რომ მაყურებელი ახალი გადაცემითაც გავაბედნიერო.










