ლიკა ყაზბეგმა “ფეისბუქის” სამეგობროს მაგრად “გაუჩალიჩა”. დაწერა, 10 ათას ევროდ სახე ავიხიე და “დო ი პოსლე” ფოტოებს მალე გამოვაქვეყნებო. რაც მთავარია, პოსტს სახის “ახევის” ფოტოც დაურთო, დამაჯერებლობისთვის, ან პირიქით, “საფრენდეთი” რომ მიმხვდარიყო, რომ ყაზბეგი ხუმრობს.
როგორც “პრაიმამბებს” გაუმხილა, გაზაფხულის დეპრესია აქვს და ცოტა გახალისება უნდოდა, მაგრამ საზოგადოება მის მიწოდებულ ხუმრობას თუ ასე მადიანად “ჭამდა”, ვერც იფიქრებდა.
როგორც ლიკამ გვითხრა, პოსტში მოხევური სიტყვები აქვს გამოყენებული, მაგალითად, უცხოეთიდან ჩამოსულ პროფესორს ოიშე გულაჩი დაარქვა. ოიშ შორისდებულია, გულაჩი – გულშიო…
აი, რა ეწერა პოსტში.
“ვისაც საკუთარმა გარეგნობა აღარ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ სახე აიძროთ! ეს დაგიჯდებათ, სულ რაღაც 10 000 ევრო.
პროფესორი ოიშე გულაჩი უკვე თბილისშია და მე მისი პირველი პაციენტი ვარ.
სახის ახევის (უკაცრავად პლასტიკის) პროცესი, თუმც არ არის სასიამოვნო, მაგრამ 30 წლის დაკლება ღირდა ამად.
,,დო ი პოსლე” ფოტოები სულ მალე…
ბატონ ოიშეს თან ახლდა მისი პირადი ფოტოგრაფი, პატივცემული ამასაღა ამასა, რომელმაც აღბეჭდა ჩემი გარდასახვა და დიდი მადლობა მას ამისთვის” – წერს ლიკა “ფეისბუქზე.”
ალბათ, ზოგიერთმა “პროფესორის” “დაგუგლვაც” არ დაიზარა. სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეში ვერც მას და ვერც მის ნამუშევრებს ვერ მიაკვლევდნენ.
მათ შორის, ვინც დაიჯერა, რომ სკამზე დამჯდარ ლიკას “აახიეს სახე”, ცნობილ ქალბატონებსაც აღმოაჩენთ. კომენტარებს წერენ – თამარ ივერი, სალომე დადუნაშვილი, ნინო ჩოგოვაძე, იუნა შაფათავა, მაკა რაზმაძე, ეკა ჩხეიძე…


“პრაიმამბებთან” კი “ნაოპერაციები” ლიკა თავის “გულისტკივილს” გამოთქვამს, ახლა თავის მართლება მომიწევს, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია და გადაჭიმული არ ვარო.
ლიკა ყაზბეგი: – მეცინება, როცა ტყუილი მჭირდება (და ვაღიაროთ, რომ ყველას გვაქვს სიტუაცია ზოგჯერ, რომ სიმართლის თქმას, ტყუილი სჯობს), მაშინ არ გამომდის, საკუთარი სახე და თვალები მყიდის. ყველა ხვდება, თუ სიმართლეს არ ვამბობ და ახლა, როდესაც ჩემი სახე, ერთ-ერთი აპლიკაციის მეშვეობით, სტენლი კუბრიკის ,,მექანიკურ ფორთოხალში” ჩავსვი, თითქმის ყველამ დაიჯერა, რომ მე ვარ. გარდა ჩემი მოხევე მეგობრისა, ვანო ფიცხელაურისა, რომელმაც შემისწორა პოსტში გამოყენებული მოხევური ტერმინი. ემასაღა კი არა ამასაღაო, მომწერა ;)) დედა თაბუკაშვილი მყავს და იმერული ე გამეპარა შემთხვევით ;))
მოკლედ, იმდენი ვიხალისე, ამ ჩემი მოკლემეტრაჟიანი დეპრესიიდან კი გამოვედი, მაგრამ ახლა მგონი, დარჩენილი ცხოვრება მტკიცება მომიწევს, რომ სახე არ მაქვს გადაჭიმული ;))
წლების წინ ძვირად დამიჯდა ასეთი ხუმრობა, მეგონა ჭკუა ვისწავლე, მაგრამ ,,სწავლა სიბერემდეო”…







