ნატალია კინგი ქართველი ბიზნესვუმენია, რომელსაც საკუთარი ბიზნესი საბერძნეთში აქვს და ამ საქმეს წლების მანძილზე თავად წარმატებით უძღვებოდა.
ნატალიას უყვარს გემოვნებით ჩაცმა, მოდური სამოსი მისი სისუსტეა, თუმცა იმის გარდა, რომ მის გარდერობში შეხვდებით „დოლჩე გაბანას“, „კენზოს“, „მიუმიუს“, „სელინის“ და სხვა წამყვანი ბრენდების სამოსს თუ აქსესუარებს, შეუძლია არაბრენდული სამოსიც მოიხდინოს.
– ქალბატონო ნატალია, თქვენს შესახებ გვიამბეთ?
– 12 წლის ვიყავი როდესაც დედაჩემმა პროდუქტის საწყობი გახსნა და მე ყველაფერში ვეხმარებოდი. 20 წლის ვიყავი, როცა სამუშაოდ წავედი კვიპროსში, სადაც მალე საკუთარი ბიზნესიც ავაწყვე – საკუთარი რესტორანი მაქვს კვიპროსში, რომელსაც ბოლო წლებში დედაჩემი მართავს.
– 20 წლის ასაკში კვიპროსში რა სახის სამუშაოზე წახვედით?
– თავიდან ჩვეულებრივ სამუშაოდ წავედი, სახლებს ვეძებდი და ვალაგებდი, შემდეგ გამომიჩნდა დიდი სანაცნობო წრე და დავიწყე ბიზნესი. კინოს და ჯოკერის სააგენტოში ვმუშაობდი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ქალბატონი რებეკა, ერთ საღამოს სახლში წამიყვანა მან, შემოვიდა ჩემს ბინაში, მითხრა ჩაალაგე ყველაფერი და ჩემთან გადმოდიო. სასწაულ სასახლეში ვცხოვრობდი, 2004 წელი იყო დაახლოებით, სწორედ მაშინ კვიპროსი შედიოდა ევროკავშირში და მკაცრი შემოწმება ტარდებოდა ემიგრანტებზე, მე არალეგალურად ვმუშაობდი, ამიტომ გარკვეული პერიოდი ვეღარ ვმუშაობდი. როცა ყველაფერი დალაგდა, ქალბატონი რებეკას ოჯახის ახლობელმა დამითმო ფართი სანაპიროზე, რომელსაც მარტო ვამუშავებდი.
ყოველ დილით 6 საათზე ჩავდიოდი, 150 შეზლონგს და ქოლგებს ვალაგებდი სანაპიროზე და 8 საათიდან უკვე იწყებდნენ მოსვლას ტურისტები. დღეში 3-4 ჯერ მიწევდა ერთი შეზლონგის გაქირავება. საღამოს, კი ვასუფთავებდი ტერიტორიას, შეზლონგებს ვკეცავდი და გვიან ვბრუნდებოდი სახლში. მძიმე სამუშაო მქონდა, მაგრამ მიხაროდა ცხოვრება, ის სამი წელი კარგად მახსენდება.
სამი წლის გასვლის შემდეგ, იქაური ბარის მეპატრონემ პანიკოს პანიქუმ მითხრა, მე და ჩემი მეუღლე აფრიკაში გადავდივართ, გვინდა ბარი საიმედო ადამიანს მივაქირავოთო და გადავინაცვლე სარესტორნო ბიზნესში. ყველასთან უშუალოდ მე მქონდა შეხება, სხვანაირად შენთან ფულს არავინ დახარჯავს. ისე კარგად ავამუშავე ბარი, ორი დიდი ბუზუკი დავხურე.

– რა ერქვა თქვენს ბარს?
– ჩემს ბარს ერქვა “ზიგზაგი”, 200 ადამიანი ეტეოდა და სულ სავსე იყო, ქართული ფესვების მქონე დიჯეი ვანგელის ტოროს უკრავდა, შემდეგ გავიცანი ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი იანის კარალისი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ, მისი დახმარებით ჩამომყავდა ცნობილი ბენდები და მუსიკოსები, რომლებიც ცოცხლად მღეროდნენ და ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩემს ბარზე მოთხოვნა. კეთილი ადამიანების დახმარებით მიმართლებდა და ბიზნესიც მათი გვერდით დგომით ავაწყვე.
– ახლა რატომ აღარ გაქვთ ბარი “ზიგზაგი”?
– 2009 წელს მკვლელობა მოხდა ბარის გარე პერიმეტრზე, რომელშიც ჩემი დაცვის წევრიც იყო ჩარეული. სირიელი მაფიოზი მოკლეს მაშინ და ამ ამბავს გადასცემდა მთელი მსოფლიო. ამიტომ “ზიგზაგი” დავხურე და გავხსენი ტრადიციული ბერძნულ- ქართული რესტორანი, რომელსაც ახლა დედაჩემი განაგებს. მე კი საქართველოში ვცხოვრობ და ვაპირებ, როცა ჩემს ქალიშვილს სასწავლებლად გავუშვებ, კახეთში საოჯახო ტიპის სასტუმრო გავხსნა.
– ბრენდებისადმი თქვენი სიყვარული როდიდან დაიწყო?
– პატარა ასაკიდან მიყვარს კარგად ჩაცმა, როდესაც ბავშვი ვიყავი, დედაჩემისთვის ფეხსაცმელი იტალიიდან ჩამოჰქონდათ. დღესაც კი მიჭირს ისეთი სამოსის და ფეხსაცმლის პოვნა, რაც დედას ჰქონდა. აუცილებელი არაა ადამიანს ბრენდული სამოსი ეცვას, შესაძლოა 150 ლარად ისეთი ტანსაცმელი შეიძინო და ისე მოიხდინო, ათას ადამიანში გაიარო და ათასივეს აჯობო. მე მოდას არასოდეს ვყვები, მაქვს 10 000 ლარიანი სამოსიც, მაგრამ მხოლოდ იმას ვყიდულობ რაც მიხდება.

– რომელია თქვენი საყვარელი ბრენდები?
– “დოლჩე გაბანა”, “სელინი”, “მიუ მიუ”, “კენზო”, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს და ვწუხვარ რომ გარდაიცვალა. მიხარია რო მის მიერ შექმნილი სამოსი მაქვს, საფრანგეთში არის სავაჭრო ცენტრი “Galeries Lafayette Paris”, მანდ არის ცნობილი ბრენდების უახლესი კოლექციები, სადაც მე ხშრად დავდივარ. თუ მოვახერხე და ცოტა თანხები დავზოგე საშოპინგოდ მანდ მივდივარ, 100 000 დოლარი თუ არ მაქვს შოპინგზე ისე არ მივდივარ. ხუთი წელია აქ ვცხოვრობ და ვერანაირად ვერ ვეჩვევი აქაურობას. არ მინდა ცუდად გამოვიდეს, მაგრამ ვგრძნობ შურს, ბოღმას და აგრესიას. ბევრჯერ ყოფილა მაგრად შემრცხვენია რომ მე მანქანაში ვიჯექი და გაჭირვებულს ვხედავდი. სამწუხაროდ ყველას ვერ დავეხმარები. ამიტომ ვცდილობ ფეხით არ ვიარო, ძალიან მოქმედებს ჩემზე ამის ყურება.
– რატომ არიდებთ თავს ე.წ. გლამურულ წვეულებებზე სტუმრობას?
– ვერიდები ელიტასთან სტუმრობას. ლონდონშიც მქონია შეხება ელიტასთან, მე ვინ ვიყავი, იქ ისეთ ხალხს ვხვდებოდი, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ რაოდენ უბრალოდ და მოსიყვარულე ხალხია, მანქანას ტოვებენ და ფეხით დადან, აქედან როცა წავედი ნათესავების მეტს არავის ვიცნობდი და დასასვენებლად კახეთში დავდიოდი, მაგრამ ისე მიმიღეს თავისიანად. იქ ნაგვის მანქანის მძღოლი და პარლამენტარი ერთია.
მახსოვს ერთხელ იანის კარალისმა 2011 წელს დამპატიჟა საბერძნეთში და ერთად წავედით “მის სიქსტის” ჩვენებაზე, ჩვენების დასრულების შემდეგ, გამოვიდა ორგანიზატორი და მაჩუქა ორი კაბა, რომელიც ძალიან მომეწონა.

– ამბობენ, ქალს კარგი ფეხსაცმელი თუ აცვია და კარგი ჩანთა უჭირავს, ნიშნავს, რომ გემოვნებიანიაო, თქვენც ასე ფიქრობთ?
– ჩანთა და ფეხსაცმელი დიდ როლს თამაშობს, უხარისხო ფეხსაცმელს კილომეტრში ვხვდები, ჩანთა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია ადამიანს უნდა ეჭროს ძალიან კარგი ჩანთა, დაკვირვებივარ ადამიანებს და მისი ჩაცმის სტილით ვხვდები მის ხასიათს, თუმცა სამოსიც მნიშვნელოვანია.
– რის გარეშე ვერ გახვალთ სახლიდან?
– რამდენიმე სუნამო მაქვს ამორჩეული, გააჩნია სად მივდივარ, თუ სუნამოს არ ვისხამ მე მე არ ვარ, მე თვითონ ადამიანებს ვსაზღვრავ სუნით. თუ ვიღაცას ცივი სუნი ასდის ე.ი. ცივი ადამიანია და პირიქით.
“გალერეა რაფაელში” არის სუნამოების უდიდესი განყოფილება, როდესაც საფრანგეთიდან მოდიხარ, საქართველოში რითი უნდა ჩამოხვიდე? ბუნებრივია სუნამოები უნდა ჩამოუტანო ყველას საჩუქრად.
ერთ-ერთი დაბრუნებისას შევედი “გალერეა რაფელში” და 14 ათასი ევროს ღირებულების სუნამო შევიძინე. როცა სალაროსთან მივედი, მოლარე ქალს გაუკვირდა ქართველები რომ ვიყავით და კონსულტანტებს დაუძახა, მაჩუქეს ერთი კალათა კრემები, სუნამოები და სხვადასხვა პარფიუმერული საშუალებები.
საქართველოში როცა ჩამოვფრინდი, აეროპორტში როგორც კი მოვიდა ჩემი ჩემოდანი, გადამიყვანეს განყოფილებაში. შემეშინდა, ფერი დავკარგე. გამახსნევინეს ჩემოდანი, სულ სუნამოებით იყო სავსე, მკითხეს საიდან გაქვთ ეს სუნამოებიო და როცა ჩეკები ვაჩვენე გამომიშვეს.

– სამკაულებს რა ადგილი უჭირავს?
– სამკაულები მიყვარს, ბავშვობიდან დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, ვაგროვებდი ფულს ოქრო რომ მეყიდა. ოჯახური ტრადიცია გვქონდა, აღდგომას და ახალ წელს, ახალი ოქროს ნივთი უნდა შეგვეძინა. მიკვირს, როგორ არ მაყაჩაღებდნენ, 14-15 წლის ბავშვი ქუჩაში ისე გავდიოდი, ნახევარი კილოგრამი ოქრო მქონდა ასხმული, მაგრამ ალბათ არ სჯეროდათ. ყველა ქართველ ქალს იმაზე მეტს ვუსურვებ რაც მე მაქვს. იმიტომ რომ ისინი იმსახურებენ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც მათ ბედნიერს გახდით.






