გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.
“იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა და ცოტნეს ექსპრომტ-კონცერტი ჩაატარებინა, რამაც მათში სრული შოკი გამოიწვია. ამ ჯადოსნური ამბების განხორიელებაში უზარმზარი წვლილი მიუძღვის დათო საყვარელიძეს, რომელსაც ასე საჯაროდ, ჩემი და ლიზას სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ლიზა ბათიაშვილი: – წინა დღეს ხომ გააოცა და გააგიჟა ცოტნემ თავისი მუსიკით და მეორე დღეს დანიელმა ის თავის სახლში მიიწვია და ბრამსის სონატაზე იმუშავეს.
ანიტა რაჭველიშვილი: – ჩვენი საოცრება ბავშვი, ცოტნე ზედგინიძე არის მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან და მაესტრო არის გაოცებული და გაგიჟებული ამ ბავშვის გენიით! ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა ამ 2020 წელს! მადლობა მაესტრო ბარენბოიმს და რაც მთავარია, მადლობა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს და ჩვენს საოცარ ლიზა ბათიაშვილს იმისთვის, რომ ყოველთვის ზრუნავენ ნიჭიერ ადამიანებზე!










