ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს. ხატიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ასევე თქვა, რომ მას იმედები გაუცრუა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება.
“როცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, დავინახე დიდი ორმო ჩვენს და მის ოჯახს შორის. ლეგენდები დადიოდა მის შესახებ, სანამ ბატონი ბიძინა საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. მე პირადად 2012 წელს ხმა მივეცი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მეგონა ოლიგარქს ჩვენი ფული არ დასჭირდებოდა და საქართველოს აყვავება ელოდა. ეს იყო ჩემი შეცდომა, იმიტომ რომ ოლიგარქები მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და საერთოდ არ ადარდებს როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა 90 თეთრად.
გუშინ მივიდა ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე, საკუთარი თავისთვის რომ მიეცა ხმა. იქ იყო ქალბატონი რომელიც დაცვამ გაათრია, ხალხი გარეკეს როგორც ცხოველები, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი შესულიყო ხმის მისაცემად. მე ვფიქრობ არ ესმის ჩვენი ხმა. ალბათ თავისი საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვარდისფრად ჩანს ყველაფერი. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ ამოავსებს” – აცხადებს სიჭინავა.
ჟურნალისტის კითხვაზე სად დაღალატდა ბიძინა ივანიშვილისგან, სიჭინავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოიმატა უმუშევრობის რიცხვმა.
“მეგონა უმუშევრობა არ იქნებოდა ტრენდული. ყველა უმუშევარია მისი კლანის გარდა. ხალხს უკვირს, მე თუ მაქვს პურის ფული რატომ ვყვირივარ. მე თუ მაქვს დღეს, ხვალ მეც არ მექნება. რადგან დანაზოგი დიდხანს ვერ გექნება ადამიანს. როგორც ხედავთ ჩამოქცეულია სახელმწიფო. დიალოგი ვერ დგება. დამაღალატა იმაში რომ უამრავი მშიერი ბავშვი დადის ქალაქში. ადრეც იყო შიმშილი, მაგრამ ახლა უფრო მეტი მშიერი ბავშვია.
ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააღალატა. იმედი ჰქონდათ ქვეყანა აშენდებოდა, მაგრამ ქვეყანა ჩამოინგრა. ხალხი ამბობს, მირჩევნია იყოს ოცნება, რომ არ მოვიდეს ის ტერორი, რომელიც იყო ნაციონალების დროს. ვერ ხვდებიან, რომ კარგს და უარესს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთო. ეს ქვეყანა შენია და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.
ხატია სიჭინავამ გადაცემაში ასევე, თბილისის მერს კახა კალაძესაც მიმართა.
“მე ვარ ერთ-ერთი ვინც აირჩია კახი კალაძე. მინდა მივმართო მას, კახი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, შენი ხალხია, თბილისელებია. შენ ამ ქალაქის მერი ხარ და ვალდებული ხარ გონორით არ ელაპარაკო. უნდა გამოხვიდე და კითხო, რით დაგეხმაროთ ხალხო? გავა ეს ორი წელიც, იქნება მერის არჩევნები. ამ ქალაქში უნდა იცხოვროთ და ხალხს თვალებში უნდა შეხედოთ” – განაცხადა სიჭინავამ.






