საქართველოს ნაკრები ხვალ საკუთარ მოედანზე ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩი ცარიელ სტადიონზე ჩატარდება და თამაშს ვერც ფეხბურთელების ცოლები ვერ დაესწრებიან.
“პრაიმამბები” ნაკრების წევრების ბუბა დაუშვილის და ლევან შენგელიას მეუღლეებს დაუკავშირდა. ისინი თავიანთი ქმრების ყველა თამაშს ესწრებიან, თუმცა ხვალ ამის უფლება არ ექნებათ.
ეკო დაუშვილი (ბუბა დაუშვილის მეუღლე): ამ თამაშს დიდი ხანი ველოდებოდით, მთელი საქართველო და საფეხბურთო სამყარო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ თამაშს გულშემატკივრები დაესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და ძალიან დამწყდა გული.

სრული მობილიზაცია მაქვს გამოცხადებული, სახლიდან უნდა ვუგულშემატკივრო ნაკრებს, მთელი გული და სული უნდა დავდოთ მოედანზე.
– ფეხბურთელების ცოლები ერთად ხომ არ უყურებთ თამაშს?
– არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს ვისთან ერთად ვუყურებ ნაკრების თამაშს. მჯერა რომ მოიგებენ და თუ მოიგეს რას ვიზამთ და რა მოხდება არ ვიცი.
ბუბას მეგობრებთან ვმეგობრობ და ზუსტად ვიცი ისინი როგორი მოტივირებულები არიან. ყველა აქცენტს აკეთებდა ამ თამაშზე, იმიტომ რომ თუ მოვიგეთ ორი თამაში ევროპალიგაზე გავალთ.

ანანო ღიბრაძე (ლევან შენგელიას მეუღლე): ლევანის ყველა თამაშს ვესწრები, მაგრამ ახლა საქართველოში წამოსვლაც ვერ შევძელი, იმიტომ რომ ჩვენ თურქეთში ვცხოვრობთ და კარანტინი უნდა გამევლო მე. ახლა თურქეთშიც გულშემატკივარის გარეშე უწევს ლევანს თამაში და მე ტელევიზორით ვადევნებ თვალს.
საქართველოს ნაკრების თამაშსაც ტელევიზორით ვუყურებ თურქეთიდან. მე ძალიან ემოციური ვარ, მეგობრები მეუბნებიან შენთან ერთად თამაშის ყურება არ გვიყვარს, რადგან ძალიან ემოციური ხარო. საქართველოს ნაკრების თამაშს სულ სხვა ემოციებით ვუყურებ სულ და ხვალინდელი დღე ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.












