ერთი წელი გავიდა ლალი ბადურაშვილის გარდაცვალებიდან. მსახიობი, შვილის, ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთ წელიწადში გარდაიცვალა.
ბოლოს პერიოდში 81 წლის მსახიობი მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა საზოგადოებაში გამოჩენას არ გაურბოდა. სიკვდილამდე ორი თვით ადრე, “პრაიმტაიმს” პატარა ინტერვიუ მისცა.
ლალი ბადურაშვილი: – ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთს სურს. რახან ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მოსაბეზრებელი რომ არ გავხდე, ძლიერად უნდა ვიდგე. ჩამოძონძილი და ლოყებჩამოხოკილი არავის უნდიხარ, არც შინაურს, არც გარეულს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ, შვილის სიკვდილს ვგულისხმობ, ან ყველაფერს უნდა განერიდო და სადმე ტყისპირას იცხოვრო მხოლოდ შენთვის (იქ თუ გინდა საფლავიც გაითხარე), ან თუ რჩები, ფეხი უნდა აუწყო ცხოვრებას და სხვასაც სარგებელი მისცე. მე რომ მარიკა კვალიაშვილს და გულიკო ჩაფიძეს ვუყურებ, მათ ფონზე ხმა არ მაქვს ამოსაღები, ისეთი ტრაგედიები აქვთ გადატანილი. ენა როგორ მომიბრუნდება, საკუთარ ტრაგედიაზე დავიწუწუნო.








