ირმა სოხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
ცენტრი სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების მსგავს საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებს სთავაზობს. ქალბატონი ირმაც, სტუდენტურ ცხოვრებას, სადოქტორო ხარისხის დასაცავად დაუბრუნდა.
“რაღა დროს ჩემი სწავლაა” მეგობრის დაჟინებული თხოვნით გადაიფიქრა და “პრაიმამბებს” თავის ახალ ეტაპზე უყვება.
ირმა სოხაძე: – 15 მარტს გვეწყება სწავლა და ვემზადები. იანვარში ჩავაბარე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
გადაწყვეტილების მიღება სპონტანურად მოხდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე რაღაც მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ჩემი მეგობარი, ირინა ებრალიძე, რაც თვითონ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მას შემდეგ სულ მეხვეწება, მოდი და ჩააბარე, პროფესორი იქნები და ერთად კარგ საქმეებს გავაკეთებთო. მე მეცინებოდა, რაღა დროს ჩემი სწავლაა-მეთქი.
მაგრამ პანდემიამ ხედვის რაკურსი ყველას შეგვაცვლევინა. ბევრ რამეზე დავფიქრდი. ადამიანებს სხვა თვალით შევხედე, ყოველი წუთი დავაფასე. ამაოზე ფიქრში დროც არ უნდა დაკარგო. იმდენად წუთიერია ეს ცხოვრება, რომ გაცილებით მნიშვნელოვან მიზნებს უნდა მოახმარო ის. ჩვენს ამ ქყვენად მოვლინებას გაცილებით მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს.
მოკლედ, მივხვდი, რომ მნიშვნელოვან რამეზე უნდა ვკონცენტრირდე. ან რა უნდა გამეკეთებინა? დისკის ჩაწერა მინდა, სტუდიაში ვერ შევდივარ. კონცერტის გაკეთება მინდა, დარბაზი და მაყურებელი არ არის. ონლაინ სისულელები ჩავწერე, დავდე, მაგრამ ეს მე არ გამომდის. ვერ ვხვდები ასეთი კონცერტის რელევანტურობას (მოდაშია ეს სიტყვა). მივხვდი, რომ სწავლაზე კარგს, ეს მომდევნო ორი წელი, რომელიც ნახავრად გახსნილ და ჩაკეტილ ფორმატში უნდა ვიცხოვროთ, ვერაფერს მოვიმოქმედებ.
რაც მთავარია, მაქვს კონკრეტული მიზანი – მონო ოპერა უნდა დავწერო, სადოქტორო ნამუშევრად. ეს იქნება პირველი ქართული მონო ოპერა, სრულიად ახალი სინთეზური ჟანრი, საესტრადო, კლასიკური ფორმით. მაინტერესებს, რა გამოვა აქედან. ჩემს თავს ვუწერ, მე უნდა შევასრულო. თუმცა ნებისმიერ საესტრადო მომღერალს, თუ მისი ფორმა დააინტერესებს, შეუძლია შეასრულოს.
ოთხი წელია სწავლა დოქტურანტურაზე. ალბათ, ამდენი არ დამჭირდება, იმედია, სამ წელიწადში დავწერ. ერთი ადამიანის თეატრი ძალიან საინტერესოა. თან ახლა ისეთი დროა, ორკესტთან და ხალხთან შემოქმედებითი მუშაობა, ცოტა ხანი უნდა დავივიწყოთ.
საკუთარ თავთან მუშაობა მოსაწყენი არასდროს არ არის.
ჩემი შვილები გაგიჟდნენ, სტუდენტი დედა ჰყავთ, მეუღლე სულ გადაირია, თვალებს არ უჯერებს. სადღა ახსოვდა, დავიწყებული ჰყავდა და ახლა ისევ სტუდენტი ცოლი ეყოლება. აი, ასე გადავერთე და კმაყოფილი ვარ ამ გამოწვევით.







