“ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონში ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე გამოჩნდა. ქეთოს გმირი, მარიამი თავის დაქალთან ერთად კაფეში ზის, სადაც შედის ცოტნე ცოტაშვილის ცოლი, თიკა. გოგონები თიკას გაჭორავენ, რაც ამ უკანასკნელს ნერვებს მოუშლის და გოგონებს სახეში აზელს ნამცხვრებს. გოგონებმა თიკას უჩივლეს… დანარჩენს სერიალში ადევნეთ თვალი.
ქეთო თოფურიძე ერთ-ერთი გამონაკლისია კახიანების ოჯახში, რომელიც სცენას აცდა. არც არასდროს მიფიქრია მსახიობობაზეო, “პრაიმამბებთან” ამბობს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ სერიალების ეპიზოდურ როლებში გამოჩენილიყო. ჯერ იყო “გოგონა გარეუბიდან”, ახლა კი – “ჩემი ცოლის დაქალები”.
ქეთო თოფურიძე: – ჩემთვის მსახიობობა პროფესიულად საინტერესო არასდროს ყოფილა. ავირჩიე ბიზნესის სფერო და წავედი მენეჯმენტის კუთხით. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ვამთავრებ. პარალელურად ავტოსატრანსპორტო კომპანიაში ვმუშაობ. კიდევ, მე და ნინიმ ახალი საქმე წამოვიწყეთ. ჯერ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ.

ქასთინგის მენეჯერმა, ეკა მჟავანაძემ, თავდაპირველად, სერიალში სხვა როლი შესთავაზა. მაგრამ ქეთოსგან უარი მიიღო, რადგან როგორც ის ამბობს, მისი ხასიათისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟის თამაშს ვერ შეძლებდა.
ქეთო: – ეკა მჟავანაძე ბავშვობიდან კარგად მიცნობს. წინა სეზონებზე რომ ორი პერსონაჟის როლი შემომთავაზა, უარი ვუთხარი. თუ პერსონაჟი არ მემსგავსება, თამაში გამიჭირდება-მეთქი, ავუხსენი. ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას.
მარიამის როლი რომ გამომიგზავნა, ძალიან მომეწონა. მგავს. რა თქმა უნდა, უტრირებულია, ისეთიც არ ვარ, როგორიც მარიამი იქნება სერიალში, მაგრამ ახლოს არის ჩემს ხასიათთან. გარდასახვა არ მიწევს… ამიტომ ხელოვნურიც არ გამოვიდა.

ეკა და იმედა, ორივე პროფესიონალი მსახიობია და ვიცოდი, კრიტიკული თვალით შემხედავდნენ და ამიტომ მინდოდა, მარტო მენახა ჩემი პირველი სერია. არ მითქვამს ოჯახში, ჩემი სერიაა და მიყურეთ-მეთქი. შევედი ოთახში და ჩავრთე, მაგრამ ეკამ თვალი მოკრა და რატომ არ მითხარიო, “მისაყვედურა”. იმედამ მეორე დღეს უყურა, დამირეკა და მითხრა, რაც მთავარია, ხელოვნური არ იყავიო. ეს შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გამიხარდა, რომ ბუნებრივად ვჩანდი ეკრანზე.
ნინისაც მოეწონა, ხასიათი იყო დაჭერილიო.
ჩემს გმირს, მარიამს რაც შეეხება, არის თავდაჯერებული, მშვიდი, გაწონასწორებული და პრინციპული. სწორი ფასეულობები აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება. როლი მომწონს.
დაემთხვა და სერიალში ჩემი დაქალის როლს, ჩემი მეგობარი, ბაია გოგიტიძე ასრულებს. ამიტომაც, ალბათ, ორგანული იყო ჩვენი თამაში. პრინციპში, გიორგი ბახუტაშვილთან თამაში სასიამოვნოა. ნამდვილი მსახიობია. ისეთ “დრაივს” გაძლევს, რომ მერე უკვე უფლება არ გაქვს, ცუდი ჩაწოდება დაუბრუნო.

– რამდენად გინდა შენი სახელით და გვარით ცნობილი იყო და არ მოგიხსენიებდნენ, როგორც ეკა კახიანის შვილს, ან ნინი ბადურაშვილის დას?
– ეკამ სამივეს ბავშვობიდან ჩაგვინერგა, ჩვენ ჩრდილქვეშ არ უნდა იყოთო. რთულია ეკას და იმედას სახელს გაექცე. ნინიმ ეს შეძლო. ეკა კახიანის შვილად სულ დავრჩები. შეიძლება არ ვიყო ისეთი პოპულარული, მაგრამ ვიცი, რომ ჩემ საქმეში პროფესიონალი ვიქნები.






