2018 წელს მსახიობ ბესო ზანგურის დედა მძიმედ დაავადდა. მას ბესო უვლის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, დედას სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
ამის გამო, მან ვალიც კი აიღო, კერძოდ სახლი იპოთეკურ სესხში ჩადო. კორონავირუსის პანდემიამ კი, მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ჩააგდო, ამიტომ იძულებულია სახლი არ დაკარგოს და გაყიდოს.
დეტალურად თავის პრობლემაზე “პრაიმამბებს” რუსთაველის თეატრის მსახიობმა უამბო.
– ბესო, რატომ ყიდით სახლს?
– კრიზისი ჩემს შემოსავლებსაც შეეხო, ვეღარ ვახერხებ სესხის გადახდას და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი აგარაკი გავყიდო. 70 000 დოლარად ვყიდი, 35 დოლარი იპოთეკარს უნდა გადავუხადო და არ მინდა შვილებთან ერთად გარეთ დავრჩე.
ბანკსაც მივმართე და ხელისუფლებასაც, მაგრამ მხოლოდ დაპირებები მივიღე და არავინ არ დამეხმარა. სახლი ჩადებული მაქვს კერძო იპოთეკართან და ერთ თვეში თუ ვერ გადავიხდი 35 ათას დოლარს, გამოსახლების პროცედურა დაწყებულია და ისე დავრჩები ოჯახთან ერთად.
– როდის და რატომ ჩადეთ სახლი იპოთეკაში?
– სახლი იპოთეკაში ჩავდე ერთი წლის წინ, როგორც იცით დედაჩემმა მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და მინდოდა სრული რეაბილიტაცია გაევლო, მაგრამ ვერ დადის და ვერც ლაპარაკობს. ახლა ყველაფერი გაჩერებულია, შემოსავალი არ მაქვს და ამიტომ იძულებული ვარ გავყიდო, თანხის რაღაც ნაწილი მაინც რომ დამრჩეს და სესხიც დავფარო. არ მინდა ეს აგარაკი ისე დავკარგო.






