საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ერთი კვირის წინ აკა ქუმსიაშვილზე იქორწინა.
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. დიმიტრის მეჯვარე პაატა სალია გახლდათ. პატარძალს დათუნა სულიკაშვილის კაბა ეცვა.
აკა ქუმსიაშვილი ხელმძღვანელობს კომპანიებს – საადვოკატო ბიურო “გაბუნია და პარტნიორები”, GS Legal-ი და ადვოკატთა სკოლა.
წყვილის ქორწინებას წინ წელიწადნახევრიანი სასიყვარული ისტორია უძღვის.

აკა ქუმსიაშვილი: – ეს არ იყო სამსახურეობრივი რომანი. ჩვენ სხვადასხვა ადგილას ვმუშაობთ. უკვე წელიწადნახევარია ჩვენს შორის სასიყვარული ურთიერთობაა.
დიმამ 29 აგვისტოს, “ქეთო და კოტეში”, ოჯახურ ვახშამზე მთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, მაშინვე მიიღო თანხმობა, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე ჩემი ოჯახიდან.
ჯვარი სვეტიცხოველში 3 ოქტომბერს დავიწერეთ. ქორწილი, რეგულაციებიდან გამომდინარე, გავაუქმეთ. გრანდიოზულ ქორწილს ვგეგმავდით, მაგრამ რადგან ეს არ მოხერხდა, ოჯახურ გარემოში, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ.

პატარძალს ლამაზი, გრძელშლეიფიანი ჰაეროვანი კაბა ემოსა. როგორც აღმოჩნდა, ის დიზაინერ დათუნა სულიკაშილთან მეგობრობს და სხვა დიზაინერთან მისვლა, არც უფიქრია.
აკა: – დათუნა ჩემი ფავორიტი დიზაინერია. ჩვენ წლების ურთიერთობა გვაკავშირებს. ნიშნობის კაბაც მან შემიკერა და ვენდობი. არა ერთხელ მცმია მისი კაბა.
იმდენად კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი, სიტყვები არ მყოფნიდა, რომ მისთვის მეთქვა. დაახლოებითი სტილი ვუთხარი, დეტალებში არ ჩავრეულვარ. სასწაული კაბა შექმნა.

დიმიტრიმ არ იცოდა, როგორი კაბა მეცმეოდა, სიურპრიზად ვტოვებდით მე და დათუნა. და როცა ჯვრისწერაზე მიხილა, აღფრთოვანებული დარჩა.
მაკიაჟი და ვარცხნილობის მორთულობა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ეკა ჩანჩიბაძემ გამიკეთა. მთელი თბილისი გაგიჟდა “ჩანჩიკას” ამ იდეაზე.
მივიღეთ პრეზიდენტის თბილი მილოცვა. ძალიან მიყვარს და უზომოდ ვაფასებ ქალბატონ სალომეს. მისმა დისტანციურმა მილოცვამ ძალზედ გამახარა.
წყვილი საქორწინო მოგზაურობაში ვერსად მიდის. თუმცაღა სამი დღით საქართველოს რომელიმე მხარეში მაინც აპირებს “გაპარვას”.
დიმიტრის პირველი ქორწინებიდან 20 წლის ნიკუშა ჰყავს, აკას კი – ათი წლის ნინიკო.

ახლადშერთული ცოლი კი თავის ქმარს “პრაიმამბებთან” ასე ახასიათებს.
აკა: – დიმა საოცრად ადამიანურია. ყველას გაჭირვება გულთან მიაქვს, ითვალისწინებს, გულისხმიერი და ყურადღებიანია. ძალიან თბილი ადამიანია. ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელია.










