ბრიტანელი მსმენელი 5 მარტიდან ქართველი მომღერლის, ეკატერინე გოგლიძის ახალ სინგლს მოისმენს. დიახ, ახალს, რადგანაც მას “ბიბისის” მსმენელები უკვე სამი წელია უსმენენ. პროექტის ჩასაშვებად უკვე ყველაფერი მზად არის: გადაღებულია კლიპი, გაწერილია პიარსტრატეგია.
მიზანდასახული ქართველი გოგონა თითქმის მიუახლოვდა თავის ოცნებას. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ, როცა კემბრიჯის სკოლაში სწავლობდა, ყველაფერი ძალიან შორეული და მიუღწეველი ჩანდა. მაგრამ შესაძლოა, ერთ წვიმიან დღეს ის კემბრიჯიდან გაიპარა და ხმის ჩამწერი ერთ-ერთი სტუდიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ეს სტუდია თავის დროზე „ბიტლებთან“ თანამშრომლობდა.
მოსწავლეებს სკოლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომაც რამდენიმე მეგობართან ერთად გაიპარა და სტუდიასთან პირველი კონტრაქტიც გააფორმა, რამდენიმე წლის შემდეგ კი საკუთარი სიმღერა სიყვარულზე უკვე „ბიბისიზე“ გაგზავნა. ეკატერინეს „ბიბისის“ მსმენელები დღეს უკვე კარგად იცნობენ.
გოგლიძის სიმღერები ასევე ისმის საფრანგეთის, ამერიკის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოებში…

ქეთი მელუასგან რჩევების მიღებაზე არასდროს ამბობს უარს.
“ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია იმ ადამიანთან შეხვედრა, ვისაც ათი წლის ასაკიდან ვუსმენდი. კიდევ უფრო დიდი პატივია მისგან მივიღო რჩევები და ჩემს მუსიკასთან დაკავშირებით, მოვისმინო შეფასებები. უაღრესად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კეთილი ქეთი მელუა” – ქეთისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აკომენტარებს ეკა.







