მსახიობმა თამრი ბზიავამ ფოტოხელოვან მარიამ აბზიანიძესთან ერთად ქართული ცეკვით ინსპირირებული ფოტოპროექტი გააკეთა, სადაც ქალია დომინანტი, გვირგვინოსანი და ძლიერი. მამაკაცი მის გვერდით გარემოს შემადგენელი ნაწილია თითქოს. ფოტოპროექტში სუხიშვილების მოცეკვავეები ჰყავს გადაღებული.


თამრი ბზიავა: – ქართულ ცეკავს და ფოლკს რომ ვაკვირდები, მგონია, რომ ქართველ მამაკაცს ყოველთვის ენატრება მეფე ქალი. მგონია, რომ გვერდით რომ ძლიერი ქალი ჰყავდეს, ეს მისთვის კიდევ უფრო დიდ სიძლიერეს წარმოადგენს.
სხვადასხვა წლებთან ერთად გვყავდა სხვადასხვა ატრიბუტიანი მამაკაცები – რეიბანიანი, ბენდენიანი, ინსპექტორიანი კაცები… ამ პროექტში მინდოდა გაპრანჭული კაცი გამომეყვანა, რომელსაც შინაგანად ბევრი რამის დანაკლისი აქვს, მაგალითად იმის, რომ გვერდით მუდმივად ჰყავდეს ძლიერი ქალი.

პირველი შთაბეჭდილება მოდის ფრესკიდან. თამარ მეფე კაცზე ბევრად უფრო დაუნდობელი იყო, როდესაც გაიგებდა, რომ ვინმემ ქვეყანას უღალატა. ყველაზე მკაცრად სჯიდა.
ფანტასტიკური სიტყვა გვაქვს – დედაკაცი. მის არსში ქალიც არის და მამაკაციც ერთდროულად.
ამ ფოტოებით იმის თქმა მინდოდა, რომ ქალის თავდახრილობა მის სიძლიერეშია. მან ბევრი რამ იტვირთა, ბევრი რამ აიღო თავის თავზე.






