მამუკა ლორია გარდაიცვალა. ბოლო ხანებში უავადმყოფია. ბოჰემურმა ახალგაზრდულმა წლებმა თავისი ცუდი ნაყოფი გამოიღო… მსახიობს ღვიძლი დაუავადდა. ებრძოდა მძიმე სენს. ბოლოს ლოგინშიც ჩაწოლილა.
რუსთაველის თეატრში უამრავი როლი აქვს ნათამაშები. კინოში, ეს სახასიათო მსახიობი, ვერ გამოიყენეს რეჟისორებმა. როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთან. წავა და მერე ტყდება ვიშვიში… სათანადოდ რომ ვერ მიაქცევენ ადამიანს ყურადღებას, ვერ დააფასებენ. არადა, 65 წელი რა არის?
რუსთაველის თეატრის მსახიობები დიდი სიყვარულითა და დანანებით იხსენებენ თავიანთ “ლორკას”.
სხვათა შორის, ბოლო ორ თვეში, რუსთაველის თეატრმა ორი კარგი მსახიობი დაკარგა. დეკემბერში რუსლან მიქაბერიძეც შეუერთდა მარადისობას.
დათო დარჩია: – მამუკა ამ დილით დაიღუპა და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ერთი გამოტირება მოვასწარი. თეატრში მისვლიდანვე გავიცანი და დავძმაკაცდით. პირველ სპექტაკლში, დათო საყვარელიძის “პირდაღებულში”, დიდ სცენაზე, მამუკასთან ერთად ვითამაშე. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა ვიყო.
უნიჭიერესი მსახიობი იყო და ამას რომ თავი დავანებოთ, უსაყვარლესი პიროვნება იყო.
სამწუხაროდ, კინოში კარგად ვერ გამოიყენეს მისი ნიჭიერება. თეატრმა ხომ უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა. ბევრი რამ შეეძლო.
საოცარი ენა ჰქონდა, გურული იუმორი. სიტუაციებიდან ისე ოსტატურად გამოძვრებოდა, გაოცდებოდით.
ბოლო ხანებში თეატრში შემოივლიდა ხოლმე. გამხდარი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლოს უკვე სხვანაირი სიგამხდრე ჰქონდა, შეატყობდი, თუმცა მხნედ იყო. მერე ჩაწვა კიდეც.
იავადმყოფა, ჩუმად, თავისთვის. ვერანაირად რომ ვერ ეხმარები, განიცდი. თან ახალგაზრდა იყო.
ამ მძიმე სენმა ასეთი მაგარი ადამიანი წაგვართვა. ეჰ, მიდის ეგ თაობა…
ედმონდ მინაშვილი: – სხვადასხვა ავადმყოფობა მოერია. ღვიძლიც დაავადებული ჰქონდა. ბოლოს ისე გახდა, ვერც იცნობდით. ძალიან სუსტად იყო, მკურნალობდა. ისეთი იშვიათი დაავადებაც ჰქონდა, ადამიანს რომ ახმობს.
2007 წელს, თეატრში რომ მივედი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დავუმეგობრდი. დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. ძალიან კომუნიკაბელური იყო. ბატონო მამუკა-მეთქი, რომ ვუთხარი, მეორედ არ მომმართო ეგრეო. ყველასთვის “ლორკა” იყო.
სახასიათო და უნიჭიერესი მსახიობი იყო. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო, საქმეზე და ოჯახზე შეყვარებული. მეუღლე უყვარდა ძალიან, სულ მის ხსენებაში იყო.
ვთამაშობდით ერთ სპექტაკლში “შეშლილი სამყარო”. სპექტაკლი რომ დასრულდა და გამოცვლა დავიწყეთ, მამუკამ გასძახა მეგარდერობე 22 წლის გოგონას – მარიამ, პირსახოცი მომიტანეო. ამ დროს დერეფანში იდგა მსახიობი, კახა კუპატაძე და მარიამის ხმით მან გასცა პასუხი: შემეშევი, შე ტუტუცო, რა პირსახოცი უნდა მოგიტანოო. რა უნდა ამ ლორიას, რატომ არ მეშვებაო. მამუკა გაშრა და გადმოგვხედა, ეს ხო არ გა…ლევდა, ჩემზე ამბობს, ტო? მე მივხვდი, ვინც იყო და ვუთხარი, აი, ხომ ხედავ ამხელა მსახიობს ეს ახალგაზრდა თაობა, როგორ გელაპარაკება-მეთქი? მართალი ხარ, თავზე რომ დაგისვით თავის დროზე, ამის ბრალია ეგო. მერე შემოვიდა კახა და კინაღამ მოკლა მამუკამ.
სცენაზე იმპროვიზაციები იცოდა, უცებ რეპლიკას შეგიცვლიდა, ოღონდ ნიჭიერად და მაგრად. სცენაზე სიცილით ვიხოცებოდით. “სალამურაში” მარტო იდგა სცენაზე და გასძახოდა – სალამურაააა. და მერე მიაყოლებდა თავისით – ფანდურაა, ჩონგურაა, გარმონაააო…
ორი წლის წინ გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი, ჩვენი თეატრის მსახიობი ზაზა ბარათაშვილი. ამანაც იმოქმედა მასზე.
ყველას გული დაგვწყვიტა ჩვენმა “ლორკამ”. ყველას უყვარდა. სანამ ვიქნებით მის სახელს და ხსოვნას არასდროს დავივიწყებთ.









