გუშინ დიდი მაესტრო, ელდარ შენგელაია იუბილარი იყო. რეჟისორი 88 წლის გახდა. სურდა შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ემასპინძლა და ეს დღე დიდი ხნის მეგობრის, იმედა კახიანის გარემოცვაშიც გაეტარებინა. მაგრამ წინა დღეს სიცხე ჰქონია და… ასეთ პანდემიურ ვითარებაში, ბუნებრივია, გეგმა შეეცვალა.
“გვინდოდა შევკრებილიყავით და დავმსხდარიყავით, ღვინოს ვერც ერთი ვსვამთ, მაგრამ ერთად გაგვეტარებინა ეს დღე, თუმცა შეუძლოდ შეიქნა. და გაზაფხულისთვის გადაიტანა დაბადების დღის და ქორწინების 40 წლისთავის აღნიშნვნა” – გვითხრა იმედა კახიანმა, რომელიც ელდარის ორ ფილმშია გადაღებული (“თეთრი ქარავანი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”).
როგორც “პრაიმტაიმს” რეჟისორის მეუღლემ, ნელი შენგელაიამ უთხრა, ელდარი ორი დღის წინ შეუძლოდ გახდა, სურდო დაემართა.
ნელი შენგელაია: – სიცხეც ჰქონდა. დღეს აღარ აქვს სიცხე, თუმცა პისიარ ტესტირება უნდა გავუკეთოთ.
საყვარელი რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა “პრაიმამბებმა” დღეს მოიკითხა. საბედნიეროდ, მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
ნელი შენგელაია: – გადავრჩით. ორჯერ გაუკეთდა ტესტირება და ორივეჯერ ტესტმა უარყოფითი აჩვენა. მართალია, არანაირი სიმპტომები არ ჰქონია, მაგრამ მისი ასაკის გამო, შეგვეშინდა და ტესტი გავიკეთეთ. გაცივდა და სიცხეც ამიტომ ჰქონდა.












