რეჟისორი დავით დოიაშვილი “ტვ პირველის” გადაცემა – “შუადღის” სტუმარი იყო. აღმოჩნდა, რომ გოგოლა კალანდაძის გარდა, ყველა თეატრის მსახიობი იყო: გადაცემის სტუმარი – ბუბა გოგორიშვილი, წამყვანები – ანა ქურთუბაძე და ზაალ ჩიქობავა. რეჟისორმა გოგოლას ჰკითხა, თეატრის მსახიობობაზე ხომ არ იფიქრებდა.
დავით დოიაშვილი: – გოგოლა, იქნებ იფიქრო. ნახე, როგორი სივრცე გვაქვს.
გოგოლა კალანდაძე: – რა შეთავაზება მივიღე, თან პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ვიტყვი, მინდა!
როგორც გოგოლამ “პრაიმამბებს”, კადრს მიღმა, გაანდო, თეატრზე აქამდე არ უფიქრია. თანაც ისეთი ტიპაჟია, რომ დაძალება სჭირდება და ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც.
გოგოლა კალანდაძე: – ეს შემოთავაზება სერიოზულად არ მიმიღია. თუმცა, არ ვიცი. ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. წინასწარ ვერ გეტყვით. თეატრი ისეთი რამაა, მსახიობიც რომ არ იყო, იქ თამაში მაინც მოგინდება.
დოისთან მუშაობა ისეთი კომფორტულია, მასთან თამაშს, ნებისმიერი მსახიობი დათანხმდება. საახალწლო გალა კონცერტებზე მასთან მითანამშრომლია და ეს სიამოვნებაა. ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს დოი.
– ხომ არ დადგა თეატრის ეტაპი შენს შემოქმედებაში?
– არ მიფიქრია, მართლა არ მიფიქრია თეატრში თამაშზე. ვნახოთ. თუ კიდევ მექნება შემოთავაზება და ძალიან შემეხვეწება, მერე დავფიქრდები. ხუმრობა იქით იყოს და მე ისეთი ტიპი ვარ, ვიღაც უნდა მეჩიჩინოს და მიბიძგოს. დამაძალოს რაღაცის კეთება.
– სატელევიზიო გადაცემის წამყვანის ამპლუაში როგორ გრძნობ თავს?
– ძალიან კარგად ვგრძნობ უკვე თავს. ახალი გამოწვევა და ახალი პროფესიაა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ იმდენად კარგი კოლექტივია, რომ მათი დახმარებით რაღაც გამომდის.







