გიორგი ნაზღაიძის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ არაერთხელ გამოუგდიათ ეკლესიიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
„ყველაზე დიდი პრობლემა სასულიერო პირები არიან. მე ბევრი სვირინგი მაქვს სხეულზე და ამის გამო ბევრი დაბრკოლება შემხვდა. იმ მომენტში, როცა ღმერთზე იმედგაცრუებულს ეკლესიაში მისვლა და ღმერთთან დაბრუნება დამჭირდა, ზუსტად მაშინ სამჯერ გამომაგდეს ეკლესიიდან. ქეჩოში არავის მოუკიდებია ხელი, კონფლიქტური სიტუაცია არ შევქმენი და სიტყვიერად რომ მითხრეს, მაშინვე გამოვედი, მაგრამ ეკლესია არ არის მათი საკუთრება, ვინც იქიდან გაგდებს, ის თითოეული ჩვენგანს ეკუთვნის. უბრალოდ, მათ ჩემი სვირინგების გამო არ მოვეწონე.
მე შიშველი არ შევსულვარ, კარგად ვიცი, სად რა უნდა ჩავიცვა. ნორმალურად ჩაცმული მივედი, მაგრამ არის სვირინგები, რომლებიც პერანგიდანაც ჩანს. ორ შემთხვევაში ამ გამოგდებამ განაპირობა ჩემი ეკლესიიდან წამოსვლა და სარწმუნოებაზე გულის აცრუება. მესამედ რომ იგივე მოხდა, მაშინ პირიქით, ამან მეტად მომანდომა ღმერთთან ახლოს ყოფნა. მივხვდი, რომ მათი სახით ეშმაკი მებრძოდა. მე მასთან არ მივდიოდი და მას ვინ ეკითხებოდა ჩემს გამოგდებას?! ვინ იყო, რომ დავებრკოლებინე?! ალბათ, ის ფაქტი, რომ მე საჯარო ფიგურა ვარ და ბევრს ვუყვარვარ, გარკვეულ როლს თამაშობს ამაში. ის მამაოებიც ხომ უყურებენ ტელევიზორს, აქვთ თავიანთი მოსაზრებები – ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას – არა და ამისდა მიხედვით იქცევიან, რისი უფლებაც არ აქვთ, იმიტომ რომ მე მათ საკუთრებაში არ შევდივარ“,- ამბობს ნაზღაიძე „თბილისელებთან“.






