ქვეყნის მეოთხე მასტერშეფი მირიან სულაკაური გახდა. როგორც ერთ-ერთი მასტერშეფი, ლევან კობიაშვილი ამბობს, ფინალში იმდენად ძლიერი სამეული იყო, რომ გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გაუჭირდათ.
“მასტერშეფამდე”, მირიანი “სამზარეულოს ომების” მონაწილეც გახლდათ. ანუ მას კულინარიულ შოუში მონაწილეობის პატარა გამოცდილება ჰქონდა.
სეზონით კმაყოფილია სტუდია Nova Production-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ხაბურზანია.
გიორგი ხაბურზანია: – თამამად ვამბობ, რომ ეს არის საუკეთესო სეზონი. კონკურსანტებმა თავიდანვე მაღალი კლასი აჩევენს. ყოველ წელს რომ უყურებენ შოუს, თავიანთ თავსაც მეტ მოთხოვნებს უყენებენ.
გამარჯვებული ამბობს, რომ მისი მომდევნო ნაბიჯი ქართული კულინარიული ხედვების დახვეწაა.
მირიანი ცნობილი სულაკაურების ოჯახიდანაა – მხატვრის, ზურა სულაკაურის ვაჟი და კარიკატურისტის, ზაალ სულაკაურის ძმისშვილია.
წარმატებულ ძმისშვილზე Prime ამბებს სწორედ ზალიკო ესაუბრა.

ზაალ სულაკაური: – მინდოდა გაემარჯვა. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი, რომ გეგონებათ – მე გავიმარჯვე. სიხარულის ცრემლები მდიოდა. დიდი ბედნიერებაა. მირიანის ამ გამარჯვებით სულაკაურებიც ამაყობენ და თუშებიც.
მთელ გვარში (50 კაციან გვარში) ყველაზე კრეატიული და საინტერესო სულაკაურია. პატარაობაში იმდენად ხიფათიანი და მოსაფრთხილებელი ბავშვი იყო, რომ თუშეთში არ მიგვყავდა, რომ კლდიდან არ გადავარდნილიყო. მაგიდის წვეტიან კიდეს შუბლით მთელი ძალით შეასკდებოდა. გავაქანებდით, ამოუკერავდნენ. შუბლზე 20 ნაკერი ადევს. რომ გაიზარდა, აღარ ეტყობა ნაიარევი.
ეკრანზე არ ჩანს, რა გემრიელ საჭმელებს ამზადებს. ხმამაღლა გეტყვით, რომ საოცრად გემრიელია მისი კერძები. სასწაულ მწვადს წვავს აირღუმელში, საოცარებაა. იცის, ბიჭმა.

სკოლაში გადაწყვიტა კულინარი უნდა გამოვიდეო და აისრულა კიდეც. კულინარიული სასწავლებელი დაამთავრა.
სხვათა შორის, მირიანს ჰყავს ძმა, რომელიც კარგი მხატვარია.
რომ გაიგეს, სულაკაურების ოჯახიდან არის, ხომ არ ჩაუწყესო, ხმები დაირხა. რა სისულელეა. არანაირი შეხება არ მაქვს ამ შოუსთან. მირიანი სუპერმზარეულია. ეს გამარჯვება ეკუთვნოდა.








