ორიოდე დღის წინ, მთაწმინდის პარკში გადაიღეს ქალბატონი, რომელიც შიშველ ჩვილებს ჰაერში ატრიალებდა და “საშიშ” ტრიუკებს აკეთებინებდა. ეს ქალი, 90-იანი წლების ბოლოს ძალზედ პოპულარული მეთოდის – “მაუგლის” დამნერგავი ქეთევან მერაბიშვილი აღმოჩნდა.
მაშინ ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში განათლება მიღებული ექიმის უცნაური და თამამი მეთოდის შესახებ და მასთან ჩვილების გასაკაჟებლად მიყვანა, ძალზედ პრესტიჟულადაც კი ითვლებოდა.
ქეთინო ექიმი ჰაერში წაღმა-უკუღმა დაბზრიალებულ ბავშვებს უცებ წყლით სავსე სათლში უკრავდა თავს, იქიდან ხელებზე დაკიდებული ამოიყვანდა და ბავშვს, აზრზე მოსვლამდე, ისევ უკან ჩააგდებდა. წყლის აერობიკა ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობის ფონზე ხდებოდა.
ცალ ხელსა და ცალ ფეხზე დაკიდებულ ჩვილებს მშობლები სუნთქვაშეკრული უყურებდნენ იმის იმედით, რომ შვილი ავადმყოფობების გარეშე გაიზრდებოდა.
მერაბიშვილის რუსულ მეთოდს პედიატრები ეწინააღმდეგებიან. თვლიან, რომ ჩვილებში ასეთი მკვეთრი და უხეში მოძრაობები ტვინის შერყევას, ქალას შიდა წნევებს და თავში სისხლჩაქცევებს გამოიწვევს.
“პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ქეთევან მერაბიშვილი საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას არ ფლობს, აზერბაიჯანში კი მისი მკურნალობის უჩვეულო მეთოდების შესწავლის მიზნით სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული.
ჩვენთან საუბრისას ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ მისი მეთოდებით არათუ საშიშია, არამედ პირიქით, მძიმედ დაავადებულ ბავშვებსაც კი კურნავს.
მაუგლის მეთოდით შვილი გაზარდა ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა, მოდელმა ლენუკა ყიფშიძემაც.
ლენუკა ყიფშიძე: – ნიკა 2001 წელს გაჩნდა. მაუგლის ვარჯიშებზე რაღაც რეკლამები ვნახე, მომინდა მეც მიმეყვანა და ამ მეთოდით გამეკაჟებინა ბავშვი. ზუსტად რამდენი თვის მივიყვანე, არ მახსოვს.
ექიმის ვარჯიშების შემდეგ ნამდვილად გაკაჟდა. ისე გავზარდე არანაირი სურდო და გაციება არ ჰქონია. ბანაობის მერე ცივ წყალს ვავლებდი. ეს ქეთევანმაც მითხრა და მეც ვიცოდი, რომ ცივ წყალში ბანაობა ჯანმრთელს გაზრდიდა. და ასეც არის.







