გამარჯობა ნენე. დღეს გოგოების დღეა. შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ სამყაროში. რატომღაც ადამიანებმა დღეებს ფუნქციები დაუმატეს და
კონკრეტული დღეები დააწესეს რაღაცეების აღსანიშნავად, არადა ისეთ რამეებს აღვნიშნავთ რომელიც მუდამ უნდა ვიზეიმოთ. აბა წარმოიდგნე, რატომაა საჭირო რომ გოგოების დღე იყოს ცალკე. 2011 წლის 6 ნოემბრიდან ჩემი ცხოვრების ყველა დღე ხომ შენია?! გამდის რომ მე სულ მაქვს გოგოების დღე. დედების დღეცაა, არადა რაც დაიბადე გვანცას იმხელა სითბოს აძლევ, რომ ყოველი დღე დედიკოს დღე გაქვს, მაგრამ რადგან დააწესეს მოდი ეს წესი არ დავარღვიოთ და ჩვენც ვიზეიმოთ, მოკლედ, გოგოების დღეს გილოცავ.
ჩემო გოგო (ძალიან იშვიათად მოგმართავ ასე), რთულია გოგოობა, ხშირად ბიჭობაზე ბევრად რთული. ჩვენი საზოგადოება, ძალიან ბევრ ჩარჩოს უწესებს გოგოებს (ხშირად უაზრო ჩარჩოებს) და ჯერ კიდევ პატარა გოგოებს ძალიან ურთულებს ცხოვრებას. არასოდეს იფიქრო რომ სქესის გამო რამე არ გამოგივა. რა თქმა უნდა, არის რაღაცეები რასაც ვერ გააკეთებ, მაგრამ ამაში სქესი არ შეგიშლის ხელს, თუ მოინდომებ რაგბსაც ითამაშებ და მაგრადაც იჩხუბებ. ნენე, იცოდე რომ როცა რამე არ გამოდის ეს ადამიანური უნარის ბრალია და არა სქესის. არავის დაუჯერო თუ გეტყვი – გოგო ხარ და არ შეიძლება! ის რაც გოგოსთვის არ შეიძლება, არც ბიჭს შეშვენის და პირიქით.
ჩემო გოგო, შენ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. შენი მომავალი შენს ხელშია და შენ განსზღვრავ შენივე წარმატებას. არასოდეს შეეგუო ჩაგვრას, მით უფრო თუ ვინმემ იმის გამო გაბედა შენი დაჩაგვრა რომ გოგო ხარ. გახსოვდეს, ყველაზე ძლიერი ხარ. ისიც გახსოვდეს რომ მე და დედიკოს ყოველთვის გვერდში გყავართ, შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეს. უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, შენ კი ადამიანი ხარ, შესაბამისად შეცდომაც მოგივა, მთავარია რომ ეს შეცდომა სამომავლოდ გაითვალისწინო და აღარ გაიმეორო. ისე, იცოდე, მილიონჯერაც რომ შეგეშალოს, ჩვენი იმედი მუდამ გქონდეს. ყოველთვის შენთან ვიქნებით და გვერდში დაგიდგებით. გახსოვდეს, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ არსებობს.
ჩემო გოგო, სკოლაში ძალიან წარმატებულად სწავლობ. მასწავლებელმა გვითხრა მე და დედიკოს რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ, ის კი არადა, გახანგრძლივებულში, შენს მეგობრებს ეხმარები კიდეც. შენ ვერ წარმოიდგენ ნენე, რა ბედნიერებაა შვილზე რომ კარგს გეუბნებიან. ამაზე დიდი სიხარული ბუნებაში არ არსებობს. საოცრად მიზანდასახული გოგო ხარ, რასაც დაისახავ ყოველთვის ცდილობ რომ მიაღწიო, საოცრად შრომისმოყვარე ხარ და მახარებს ეგ ამბავი. ტანვარჯიშზე ისეთი კარგი შედეგი გაქვს, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. ძალიან ტლანქი, მოუქნელი ბაზანკალი იყავი, მაგრამ შენი შრომით მიაღწიე და ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჯგუფში. ნენე, ძალიან მინდა რომ ყოველთვის ასეთი მონდომებული იყო. შრომით მიღებულ შედეგზე სასიამოვნო არაფერია.
ნენე, დღეს შიოს დაბადების დღეა. საოცრად მახარებს თქვენი ურთიერთობა. ბედნიერები ხართ ერთად და ლაღები. კეთილი კაცია შიო, ძალიან კეთილი.
სხვა რა მოგიყვე მა, ჩემი გოგო ხარ და შენი დამსახურებაა რომ მე გოგოს მამა მქვია. გოგოსი რომელიც არის ნენე, გოგოსი რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია, გოგოსი რომელმაც არ იცის ბოროტება და თუ სადმე ბოროტებას შეხვდა თავის სიკეთით კისერს მოუგრეხს, გოგოსი რომელიც დარწმუნებული ვარ სამყაროს შეცვლის.
ძალიან მიყვარხარ
შენი მამიკო/მეგობარი ლადო







