მომღერალმა სალომე ბაკურაძემ რამდენიმე დღის წინ, მსმენელს ახალი კლიპი წარუდგინა, რომელიც ცნობილ ჰიტზე “აღარ გიცდი” ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო.
ვიდეორგოლმა მოკლე დროში უამრავი ნახვა დააგროვა. სალომემ “პრაიმ ამბებთან” საუბარში ახალ კლიპზე და კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კორონავირუსმა ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა მომღერლებს.
„ძალიან გაიწელა ეს პერიოდი და არასოდეს დამთავრდა. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა. ვგრძნობდი, რომ ძალინ უხასიათოდ ვიყავი და ჩემს ხასიათზეც ძალიან იმოქმედა, თუ არ ჩავთვლით, იმას რომ ახალი კლიპი გამოვუშვი, რომელის პრემიერაც უკვე გაიმართა.
ჩემი შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სიმღერაა. ჩემი პირველი შემოსავალი 80 ლარი იყო, როდესაც ბავშვების მომზადება დავიწყე და არასოდეს არ ვყოფილვარ სხვაზე დამოკიდებული, ახლა კი ცოტა უხერხული მომენტია.
აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე ვარ დარჩენილი, უკვე დიდი დრო გავიდა ამ ჩაკეტილობაში და მართლა ვფიქრობ იმ ჩემს კოლეგებზე, რომლებზეც მათი ოჯახის წევრები არის დამოკიდებული“,- ამბობს მომღერალი ჩვენთან საუბარში.
მან ასევე ახალ კლიპზე ისაუბრა.
„ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. სიმღერის მელოდია გელა გნოლიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კი სოსო თოლორაიაა. ძალიან საინტერესო ტიპაჟები შევარჩიეთ ამ კლიპისთვის. მე მსმენელის და მაყურებლის იმედი მაქვს და იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებიან“, – ამბობს სალომე.
სალომემ ბოლო დროს საოცრად დაიკლო წონაში და შეიძლება ითქვას, სრული ტრანსფორმაცია განიცადა. როგორ შეძლო ეს, ამის საიდუმლო ჩვენს მკითხველს გაუზიარა.
„თავიდან მივედი ენდოკრინოლოგთან, შემდეგ მეგობარმა სახლის ვარჯიშები მასწავლა და 15 წუთით ვვარჯიშობდი ყოველდღე, რა დროსაც გამომიჩნდება თავისუფალი დრო, ვვარჯიშობ მხოლოდ 15 წუთი. ასევე, ვიკვებები სწორად და 6 საათის შემდეგ არ ვჭამ. ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ გავხდი, ცოტა ხანგრძლივი პერიოდია, თუმცა შედეგიც მაქვს“,- ამბობს სალომე.






