მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო, თუმცა, 2020 წლის ზაფხულში მოულოდნელად დაითხოვეს.
გიორგიმ დავა სასამართლოში გააგრძელა. ის ფაქტობრივად უმუშევარი დარჩა. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, მცირედი შემოსავლით ბანკის ვალს ფარავს.
– რატომ დატოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი?
– გათავისუფლება ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ახლა სასამართლო დავა მაქვს. შტატიანი თანამშრომელი ვიყავი და დაუსაბუთებლად, შეთანხმების გარეშე გამათავისუფლეს. 1-ელი ივლისიდან აღარ ვარ დილის ეთერის წამყვანი.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ბევრი წელი გავატარე, 2015 წლიდან ვმუშაობდი „პიკის საათში“ და ჩემთვის ეს ამბავი მარტივი არ არის.
ფინანსურ მხარესაც რომ შევეშვათ, ეს სამსახური მიყვარდა. ამ ამბავს ჩემი იურისტები აგვარებენ და დარწმუნებული ვარ, ამ დავას მოვიგებ, რადგან ასე არ ხდება დალაგებულ სტრუქტურებში – შტატიანი თანამშრომლის გამოგდება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე სხვა კომპანიებს, რადგან ამ კუთხითაც სამაგალითო უნდა იყოს.
– კონცერტები არ არის, ტელეარხიდან გამოგიშვეს, ანუ მთლად შემოსავლის გარეშე დარჩით?
– უკვე 10 წელია, თბილისის „ბიგ ბენდის“ სოლისტი ვარ და ხელფასს მხოლოდ აქედან ვიღებ, რასაც ყოველთვიურად ბანკში ვიხდი, ეს ფული იმასაც ვერ ფარავს.







