ბრიტანული გამოცემა The Guardian 2020 წლის 50 საუკეთესო ფილმს აქვეყნებს, რომელშიც ქართულ-შვედური ნამუშევარი, And Then We Danced („და ჩვენ ვიცეკვეთ“) მოხვდა. გახმაურებული კინოსურათი რჩეული ფილმების სიაში 26-ე ადგილს იკავებს. „ფილმი ორ მამაკაც მოცეკვავეზე მოგვითხრობს, რომელთა საიდუმლო ურთიერთობაც ტრადიციული ქართული ცეკვის ულტრაკონსერვატიულ სამყაროში ვითარდება“, – წერს გამოცემა.
ფილმის პრემიერა ჯერ კიდევ 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა და სურათის მოგზაურობაც წარმატების სამყაროში ამ პერიოდიდან დაიწყო.
მასში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები, ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, გიორგი წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ლევან გელბახიანი 2019 წელს კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს.











