ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე კვირაა რეგიონში ცხოვრობს, რადგან „ენმ“-ს და „ძალა ერთობაშია“-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატია. ნანუკა ყოველდღიურად ხვდება უამრავ ადამიანს სხვადასხვა სოფელში, რის გამოც დღეში 10 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. მასთან ერთად არის მისი ბავშვობის მეგობარი ნათია, ასევე ხშირად აკითხავენ მეგობრები თბილისიდან.
„პრაიმამბები“ ჟურნალისტს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– ვცხოვრობ ძალიან სიმშვიდეში, ოღონდ ეს მხოლოდ დილით ხდება. ათი საათიდან მეწყება შეხვედრები. დავდივარ სხვადასხვა სოფლებში ოღონდ კარდაკარ, იმიტომ რომ არ განისაზღვროს ადამიანი ვისი ამომრჩეველია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველასთან მივიდე და პარტიული კუთვნილების ან სიმპატიის მიხედვით არ გავარჩიო არავინ. ეს პროცესი დამღლელია, რადგან დღეში 10 კილომეტრს დავდივარ ფეხით, მაგრამ ამის გარდა, ჩამორბენით ვერ ვიქნები ადამიანებთან.

ხალხი როცა მხედავს, თავიანთ პრობლემებზე მიწყებს საუბარს, დარწმუნებული ვარ პოლიტიკოსებთან ასეთ თემებზე არ საუბრობენ, უფრო თავიანთ ტკივილებზე და ემოციებზე მესაუბრებიან – ადამიანურ ამბებზე.
იმერეთში ბევრი მოხუცი მარტო ცხოვრობს, რომელსაც დამლაპარაკებელიც კი არ ჰყავს. ამიტომ როცა დამინახავენ დიდხანს მესაუბრებიან და უბრალოდ ლაპარაკის გამო, კარგად არიან. ჩვენ რომ ფსიქოლოგთან დავდივართ, გარკვეული პერიოდი თავს კარგად ხომ იმიტომ ვგრძნობთ, რომ მათთან ვსაუბრობთ?
იმერეთში დიდი პრობლემაა ასევე ემიგრაციაში წასული ქალები და მარტო კაცები, რომლებიც შვილებს ზრდიან.
ძალიან ბედნიერი ვარ, აზარტში შევდივარ. აქამდე თუ ეს გამოწვევად მივიღე, ახლა უკვე მინდა, რომ გავიმარჯვო.
მე ამ გამოწვევას ვუყურებ, როგორც ოთხწლიან პროექტს და მგონია, ყველა მაჟორიტარისგან განსხვავებულ პროექტს დავდებ.
– რა ემოციები ახლავს ბავშვობის სახლში დაბრუნებას?
– ბავშვობის სახლში მთლად ვერ დავბრუნდი, წყალტუბო ნესტიანია, ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობდით, ამიტომ ის სახლი ბიძაჩემმა გაყიდა, მაგრამ იმ კორპუსში ვცხოვრობ სადაც ადრე ვცხოვრობდი, ბავშვობის ეზოში დავბრუნდი.
აქ ყველა ის ემოცია მოდის, რაც მახსენებს ყველაზე უდარდელ პერიოდს. აქ არ არსებობს მოგონება დედაჩემის გარეშე, ამიტომ სულ მიწევს საკუთარ თავთან ჭიდაობა იმის გამო, რომ ეს ემოციები დავთრგუნო.
– თქვენი შვილებიც და მეგობრებიც გეხმარებიან წინასაარჩევნოდ, ისინიც ჩამოვიდნენ წყალტუბოში…
– შაბათ-კვირას იყვნენ შვილები ჩამოსული მეგობრებთან ერთად. ჩემი მეგობარი მარი გოშხეთელიანი უფრო ხშირად ჩამოდის, დიკომ (ჟურნალისტი დიკო ჯოჯუა) შაბათ კვირას მოიცალა. ბევრი ჩემი მეგობარი ჩამოდის და შოკში არიან, ვისაც ამასთან შემხებლობა არ ჰქონია, რადგან ეს დიდი ადრენალინია. მე არ მაქვს სტანდარტული შეხვედრები. ვირჩევ სოფლებს რიგითობის მიხედვით, სტრატეგიას ვანაწილებთ და სადაც მინდა იქ შევდივარ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თქვენი სახლის ღობეზე თუ გადმოძვრა ესე იგი ნანუკაა 😀
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თქვენი სახლის ღობეზე თუ გადმოძვრა ესე იგი ნანუკაა 😀⭐ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:https://www.instagram.com/nanukashow/
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on პარასკევი, 02 ოქტომბერი, 2020
– ინსტაგრამიდან ჩანს, რომ ძალიან სტუმართმოყვარედ გხვდებიან…
– იმ დღეს ჩემს მეგობარს, რომელსაც პატივს ვცემ და ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, დავურეკე და ვუთხარი მგონი მართლა ვიგებ არჩევნებს-მეთქი, შოკში ვარ ამ ხალხის დამოკიდებულებაზე.
ადამიანები რომლებიც პოლიტიკოსების დაპირებებით დაიღალნენ, მათ შორის ისინი ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები არ არიან, ჩემი პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად ცალკე პირად აღმიქვამენ და მეუბნებიან, შენ რაღაცას გააკეთებ ჩვენთვისო.

– მიხეილ სააკაშვილთან თუ გაქვთ კონტაქტი რაც დეპუტატობის კანდიდატად წარგადგინეს?
– რამდენჯერმე ვეკონტაქტე. მიშა არ ერევა ამაში. მთავარი ამბავიც ის არის, რომ ნანუკა ვარ ჩემი ბილბორდით, შტაბით და წამწამებიანი ხუთიანით. მათ („ენმ“-მ და „ძალა ერთობაშია“-მ) ამ პირობით შემომთავაზეს მაჟორიტარობა, რომ მე თვითონ გავაკეთებდი იმას რაც მინდოდა. არც კი მეკითხებიან რას ვაკეთებ.
– ბავშვობის მეგობრებიც არიან თქვენს გვერდით?
– ჩემი კალსელი ნათია სულ ჩემთან არის. ვნახე ჩემი კლასელები და ყველას მოგონება უკავშირდება იმას რომ ბავშვობაში თხა ვიყავი.
მე და ნათია 8 საათზე, როცა შეხვედრებს მოვრჩებით, ფეხით ვსეირნობთ და ყველა იმ ჩიხში დავდივართ, სადაც ბავშვობაში დავძვრებოდი.









