ამერიკელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მეგობრებად დარჩენა ამჯობინეს. ჟურნალი People შეეცადა, გაერკვია, რატომ მივიდა წყვილი ამ გადაწყვეტილებამდე. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, მათ ურთიერთობაში ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
“ეს ჯეილოს გადაწყვეტილება იყო. ზედმეტად ბევრი უთანხმოება ჰქონდათ. ის ბოლომდე ვერ ენდობოდა ალექსს. ჯენიფერი არც ისე ბედნიერი იყო და თვლიდა, რომ როდრიგესთან დარჩენა მის საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდა”, – ციტირებს “ფიფლ” მომღერლის მეგობრის სიტყვებს.
გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, როგორ აისახა წყვილის ურთიერთობაზე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იზოლირებულად ყოფნა.
“ორივეს მოსწონდა დროის ერთად ტარება ოჯახურ გარემოში, მაგრამ რადგან ერთმანეთს ყოველდღე ხედავდნენ, რთული აღმოჩნდა მათ ურთიერთობაში არსებული ნაპერწკლის შენარჩუნება”, – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.
ლოპესის და როდრიგესის დაშორების შესახებ მედიაში ჯერ კიდევ მარტში დაიწერა. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსს რეალითი შოუს Southern Charm ვარსკვლავ მედისონ ლეკროისთან ჰქონდა ახლო კავშირი. წყვილმა მაშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კვლავ ერთად იყვნენ, თუმცა, ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. ჟურნალი People კი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უთანხმოების მიზეზი მესამე პირი არ ყოფილა.







