ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი რაიან ფიშერი საავადმყოფოდან გაწერეს. კლინიკაში ის თითქმის ერთი თვის მანძილზე იწვა, სადაც მას შემდეგ მოხვდა, როდესაც მომღერლის ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა და მოულოდნელად თავს დაესხნენ.
რაიან ფიშერს თავდამსხმელმა ესროლა და შემდეგ ორი ფრანგული ბულდოგი გაიტაცა, ერთ-ერთმა ძაღლმა კი გაქცევა მოასწრო. ფიშერი კი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, ის გულმკერდის არეში იყო დაჭრილი.

თავდაპირველად მკურნალობა კარგად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით რაიან ფიშერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. უფრო კონკრეტულად კი, მას ერთ-ერთი ფილტვი დაუზიანდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მას ფილტვის დაზიანებული ნაწილი ამოაჭრეს.







