საპატიმროს დატოვების შემდეგ, ბიზნესმენი რუსუდან კერვალიშვილი სატელევიზო ეთერში ვრცელი ინტერვიუთი გამოჩნდა. მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. ასევე მოჰყვა დეტალები დისშვილის, გუკას მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ მის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, ლელა კილაძეს… შეგახსენებთ, რომ გუკა რჩეულიშვილს, მისი მოთხოვნით, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით…
რუსუდან კერვალიშვილი:
„გუკა ისე კარგად არის, როგორც არ ყოფილა ძალიან ბევრი წელი… როცა გუკა დააკავეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ისეთი მძიმე რეაქცია გვქონდა… ოჯახურ ძალადობას მე და მაია ვერ მივესალმებოდით. გუკამაც კარგად იცის. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ის ადამიანი აღარ არის ნორმალური, ის გუკა არ იყო და სჭირდებოდა შველა. წარმოადგენდა საფრთხეს თავისი თავისთვის და სხვისთვისაც. როცა ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ასეა. ყველამ იცის ამის შესახებ, სამართალდამცველმა ორგანოებმა. მაიასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა, რომ თუ დააშავა, უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მან იცის, რომ გუკა ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია, იცის, რომ ძალიან უყვარს ოჯახი, შვილები და მეგობრები. შეუძლებელი იყო, რომ ეს მისი მხრიდან ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია. რაც მთავარია, ამ ამბავმა ის გამოიწვია, რომ თვითონ მიხვდა, სადამდე მივიდა. თვითონ მიხვდა, საკუთარი თავის გადარჩენა მხოლოდ თავად შეეძლო. ამ ეტაპზე ასეა, გადაწყვიტა, თავი მიუძღვნას იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც იგივე პრობლემები აქვს. ხუთი თვეა მკურნალობს და იპოვნა თავისი თავი.
ლელა აღმოჩნდა გუკას ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც მისი ყველაზე დიდი გაჭირვების დროს მისგან ყველაფერი გადაიტანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიას თავისი შვილი დაუბრუნოს ცოცხალი და ჯანმრთელი. ეს არის ფაქტი. ლელამ იმდენი გადაიტანა და ისე სწორად მოიქცა გუკასთან და მაიასთან მიმართებაში… გუკასთან იმიტომ, რომ მას არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი. მოეხმარა, რომ დაცემულიყო და ფეხზე დამდგარიყო…“