ლევან ვასაძეს მუხრანში, თავის ვენახში რთველი ჰქონდა. ას ჰექტარზე გადაჭიმულ ზვარში ხალხმრავლობა იყო. ბომონდი, სასულიერო პირები, სპორტსმენები – ნარევმა საზოგადოებამ რთველი გახსნილად გამოაცხადა. რთველში იყვნენ ვასაძის სკოლის მოსწავლეებიც.
მასპინძელმა ცოლთან, ნინო დურგლიშვილთან ერთად სტუმრებს სასიამოვნო უიქენდი მოუწყო. სტუმრებს შორის იყვნენ მაკა ასათიანი, სოფო თავართქილაძე, მანჩო გიორგობიანი, აჩი არველაძე, მამა ანდრია ჯაღმაიძე, გოგა ჩანადირი…

“Prime ამბებს” ვასაძეების რთველზე ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი უყვება.
მანჩო გიორგობიანი: – ისე მადლიანად ჰქონდა მოსხმული უზარმაზარი მტევნები, რომ ვუყურებდი, მეტირებოდა. ჩინური (საჩინო) ჯიშის ყურძენი აქვს. დავაგემოვნეთ. მწვადებიც შევწვით, ფელამუში მოიხარშა,
მაკა ასათიანი თავისი მესამე ვაჟით იყო ჩამოსული. ეს ბავშვი პირველად იყო ვენახში და ამხელა ტერიტორიაზე გადაჭიმული ვაზი რომ დაინახა, აღფრთოვანდა.

მაკა ამბობდა, “კორონამ ერთი კარგი ამბავი ის გააკეთა, რომ დიდი ხნის უნახავი ბავშვობის მეგობრები საქართველოში შეგვკრიბაო”. პანდემიის გამო შემორჩა საქართველოში და ვერ ბრუნდება შვეიცარიაში. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია.
ჩვენ – ასათიანები, თავართქილაძეები, არველაძეები, ვასაძეები, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.
აჩი თავის ცოლთან, თინა კობალაძესთან ერთად იყო. ყველას შეყვარებულობის პერიოდი და დაქორწინება მახსოვს.
ბავშვობის მეგობრები ასჯერ უფრო გამიტკბილდნენ, უფრო მეძვირფასებიან.
ლევანი თამადა იყო. საქართველოს და მუხრანის სადღეგრძელოს თქმისას, გოგლა ლეონიძის “ყორღანებიდან გნოლი აფრინდა” წაიკითხა.

საპატრიარქოდან გუნდის წევრები იყვნენ, საოცრად მღეროდნენ, თვითონ ლევანიც მღეროდა.
ჭეშმარიტი ტრადიციული სუფრა გვქონდა. ძალიან ვისიამოვნეთ. ამ ულამაზეს ადგილას ძალიან ბედნიერები ვიყავით.
დედაჩემი ტელევიზიის ოქროს ფონდისთვის მასალებს რომ იღებდა, მასთან ერთად საქართველოს მოვლის ბედნიერება ბავშვობიდან მქონდა. მაგრამ ჩვენი ლამაზი ქვეყნის დათვალიერებისას მაინც გული მიჩუყდება ხოლმე. მშვიდად და უემოციოდ ვერც ქართულ ხალხურ სიმღერებს ვუსმენ…

ნინომ, ლევანის ცოლმა, სათლებით ზიდა დაკრეფილი ყურძენი. სამზარეულოსაც ხელმძღვანელობდა, ვენახშიც პირველი იყო. საოცრად ენერგიული ქალბატონია. საჯარო ყურადღება არ უყვარს და ტელევიზიით არ ჩნდება. მე მინდა გამოჩნდეს. ყველაფერს ასწრებს, ამდენი შვილის მოვლას, რესტორნის ხელმძღვანელობას, ახლა შამპანურის ქარხნის დირექტორობას… ვაჟკაცურად უდგას ლევანს გვერდით. მრავალშვილიანობის ინიციატორიც თავად ნინო გახლდათ. მოკლედ, ოჯახის ბურჯია.






