ჟურნალისტი გულო გარმელია რადიო „მაესტროს“ ეთერში სამედიცინო გადაცემის წამყვანია და ამ საქმეს თავს შესანიშნავად ართმევს.
თუმცა მის მიმართ საზოგადოების ყურადღებას გულოს და უმშვენიერესი მაკა ასათიანის მსგავსება უფრო მეტად ზრდის.
„პრაიმამბებმა“ უმშვენიერეს რადიოწამყვანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მის შესახებ საინტერესო ფაქტები მოჰყვა.
– წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, აგვისტოში დავიბადე და სექტემბერში მოგვიწია თბილისში გადმოსვლა. აქ შევძელით ბინის ყიდვა, შემდეგ იყო ჩემი ოჯახისთვის რთული წლები, ბევრი ადამიანი ვცხოვრობდით ერთად.
დავამთავრე ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი. თავდაპირველად სხვა სფეროში ვმუშაობდი, მოგვიანებით კი მოვხვდი რადიო „მაესტროში“, სადაც უდიდესი თავისუფლება მომცა ბატონმა მამუკა ღლოტმა და ბევრი რამე ვისწავლე. ის არ ერეოდა გადაცემის მომზადებაში, გამოსაცდელი ვადა მომცა და ძალიან გავიზარდე იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ.
არანაირი სამედიცინო განათლება არ მქონდა, როდესაც ამ გადაცემის წამყვანად შემარჩიეს, თუკი რამე გამომდის იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც არ შემბოჭა. მენდობიან და იმედი მაქვს, გავამართლე მათი ნდობა.
– თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ…
– მყავს უფროსი და, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ასევე 16 წლის ძმა. დედა დიასახლისია, აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია, მამა აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსია.

-როდესაც სოციალურ ქსელში თქვენი რადიოგადაცემის რეკლამა გამოჩნდა, ყველას და მათ შორის მეც, მეგონა მაკა ასათიანმა დაიწყო რადიოწამყვანობა, რატომ ჰგავხართ ასე ძალიან, ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვთ?
– ნათესაური კავშირი მაკა ასათიანთან არ მაქვს. ყველამ იცის ვინ არის მაკა ასათიანი, ყოველთვის ძალიან მომწონდა, სანამ მაკიაჟის გაკეთებას და გაპრანჭვას დავიწყებდი, იმ დროიდან ჩემი ფავორიტი ქალი იყო.
ის გახლდათ პირველი ქართველი მანდილოსანი, რომელმაც მოდაზე დაიწყო საუბარი საქართველოში, ჰქონდა ჩვენებები, აქტიურად დადიოდა საზღვარგარეთ და ა.შ. მისი სტილი ძალიან მომწონდა. როცა პირველად გავიკეთე მაკიაჟი, მეც ლაინერი წავისვი თვალზე. სამწუხაროდ ვერ ვიხდენ სხვანაირ მაკიაჟს. რაც შეეხება თმას, მაქვს მაღალი შუბლი და ყოველთვის „ჩოლკას“ ვატარებ.

როდესაც წამოვიზარდე, თმა წითლად შევიღებე, თუმცა ბუნებრივი საღებავებისგან შევიცვალე თმის ფერი და მალე ჩამომერეცხა. ამიტომ სალონში დავრეკე და დიდი ძალისხმევის შემდეგ, თმა შავად გადავიღებე. ბევრი მამსგავსებს მაკა ასათიანს და მსიამოვნებს ეს კომპლიმენტი.
არასოდეს ვიტყვი, რომ ზუსტად ისეთი ვარ. საქართველოში ბევრი ლამაზი ქალია: სალომე ღვინიაშვილი, თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და ა.შ.
ბევრი უარყოფითი კომენტარიც დაიწერა, სოციალურ ქსელში ჩემი და მაკა ასათიანის მსგავსებაზე, თითქოს ლინზები მაქვს და ა.შ. ასეთი თვალის ფერი მაქვს და ჯერჯერობით არანაირი ინექცია არ მაქვს გაკეთებული სახეზე. როდესაც უცხო ადამიანები მეუბნებიან, რომ მაკა ასათიანს ვგავარ, მსიამოვნებს ამის მოსმენა, მაგრამ მერიდება და ვწითლდები.

ჩემი ინდივიდუალიზმი მაქვს, რაც ფოტოებზე არ ჩანს, ბევრი რამ განმასხვავებს მისგან. მაკას დახვეწილი, კლასიკური სტილი აქვს, მე კი დიდი საყურეები მიყვარს და „ციგანკა“ ქალებს მადარებენ.






