საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსოფლიო მასშტაბის ოპერის მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკი წუხელ გვიან ღამით გარდაიცვალა. 72 წლის ტენორს გულზე სამი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. როგორც ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბადრი მაისურაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მომღერალმა ბოლოს ზაფხულში გაიკეთა ოპერაცია. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბია. სწორედ ის ესაუბრა უკანასკნელად ბატონ ალექსანდრეს.
1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი გახლდათ.
ბოლოს თბილისის ოპერის თეატრში იყო სოლისტი, მუშაობდა პედაგოგად. იყო კონსულტანტი, აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა მომღერლების აღზრდაში.
ბადრი მაისურაძე: – ზაფხულში გაიკეთა გულის ოპერაცია და მშვენივრად იყო. გუშინ, ღამის თერთმეტ საათზე ველაპარაკე და “კარმენიდან” არიას მიმღეროდა. ლაპარაკს რომ მოვრჩით, პირველ საათზე, ჰაერის უკმარისობა დაწყებია. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გვიან მისულა. ვერ მიუსწრეს… ეტყობა, თრომბი იყო.
იყო დიდი ქართველი კაცი, დიდი გულით, დიდი მომღერალი! ახალგაზრდების გულწრფელი დამხმარე. თაობები ვიზრდებოდით ალეკოს სიმღერაზე და კაცობის მაგალითზე.
თამარ ივერი: – მიჭირს ალეკოზე საუბარი. მეც ახლა გავიგე ეს სამწუხარო ამბავი და შოკისმომგვრელია ჩემთვის. ახლოს ვიყავი მასთან. ალეკომ წამიყვანა ბათუმის ოპერის თეატრში.
მაშინ, როდესაც მამაჩემი დაიღუპა და პატარა გოგო ვიყავი, თბილისის ოპერის გუნდში ვმღეროდი, ალეკომ მითხრა, წამოდი ბათუმის ოპერის თეატრშიო. აი, ასე სტუდენტი გოგო, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ფინანსები შემოგვაკლდა, წამიყვანა, მიპატრონა და დამაჯერა, რომ ჩემგან რაღაც გამოვიდოდა. პირველი დეზდემონა და მარეხი “აბესალომ და ეთერიში” მასთან ვიმღერე.
თან მყვებოდნენ ალეკოც და მისი ცოლიც. არ უნდოდა, რომ უცხოეთში წავსულიყავი და დამეტოვებინა ბათუმის ოპერის თეატრი და უთანხმოებაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით. მისი ღვაწლი და წვლილი ჩემს კარიერაში შეუფასებელია.
ბედნიერი იყო ახალგაზრდებთან მუშაობით. თვლიდა, რომ ეს იყო მისი მოწოდება.
იმერი კავსაძე: – როგორ მეწყინა… ოპერაციის საღამოს, მახსოვს, დავურეკეთ მე და ბადრი მაისურაძემ. თითქოს კარგად იყო. კმაყოფილი იყვნენ ექიმებიც. ბოლოს სახლში ამეცადინებდა მოსწავლეებს.
ძალიან მძიმე დანაკარგია ოპერის მომღერლებისთვის.
ალეკო ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი ხმაა ჩვენი ვოკალური სკოლის ისტორიაში. არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. დიდი მასშტაბის მომღერალი გახლდათ.







