ტელეკომპანია “ფორმულაზე” 16 იანვრიდან სერიალი “თესეა” გაგრძელდება. “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება კი, როგორც “ფორმულა კრეატივის” პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ გვითხრა, თებერვალში განახლდება და მას მაყურებელი მარტში იხილავს.
ეს სიახლე დათო გოცირიძის როლის შემსრულებელმა, ლევან ყოჩიაშვილმა ჩვენგან შეიტყო და ძალიან გაიხარა. ლევანი, გაჩერებული სერიალის პერიოდში, “ფორმულას” ანონსებს ახმოვანებდა.
ლევან ყოჩიაშვილი: – გამახარეთ და სულ გახარებული იყავით მთელი ცხოვრება. ასე დაზუსტებით არ ვიცოდი. თებერვალი ან მარტიო, ლაპარაკობდნენ. მომენატრა საქმე, დათო გოცირიძემ ცხოვრების ამხელა ნაწილი წაიღო.
ახლა წვერს ვატარებ და თუ მალე დავიწყებთ გადაღებებს, მომიწევს წვერთან გამომშვიდობება. ეს წვერი მაგ კაცის სტილი არ არის.
კახეთში ვარ. სამი ძმები ვართ და მშობლების სახლში ვიკრიბებით და ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. ბედნიერი წელი ყველას, გაიხარეთ.













