“მის ევრაზიის” ტიტულის მფლობელი მერი ტარიელაშვილი, პროფესიით ფსიქოლოგია. მართალია მოდელობა ბავშვობიდან სურდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებად რჩებოდა და მთელ დროს სწავლას უთმობდა.
ბავშვობის სურვილის ასრულების და სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, გადაწყვიტა კარიერის შექმნაში სხვა ადამიანებს დახმარებოდა და უკვე 8 წელია ამ საქმეს წარმატებულად უძღვება.
– მერი, თქვენს შესახებ გვიამბეთ?
– ადამიანური კაბიტალის განვითარებაზე ვმუშაობ უკვე 8 წელია და ვეხმარები ადამიანებს გახდნენ უფრო მეტად წარმატებულები. კონკრეტულად: საკუთარი ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სწორად აირჩიონ/შეიცვალონ პროფესია, იპოვონ ოცნების სამსახური, კარიერულად რეალიზდნენ და საკუთარი პერსონალური ბრენდით მასშტაბირდნენ, მიზნობრივი აუდიტორიისთვის გახდნენ ხელმისაწვდომები, გაზარდონ შემოსავლები და იყვნენ მოთხოვნადები საკუთარ ნიშაში. ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს საკუთარი საქმე.
– რატომ გადაწყვიტეთ მოდელობა და შემდეგ რატომ შეიცვალეთ პროფესია, როგორ გახდი წარმატებული ქოუჩი?
– ალბათ ისევე, როგორც პატარა გოგონების უმეტესობა, მეც ბავშვობიდან ვოცნებობდი გვირგვინზე, ლამაზ კაბებზე და ფეხსაცმელზე, პოდიუმზე. სილამაზე ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს ყოველთვის წარმოადგენდა. თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ ოცნებად რჩებოდა, რადგან მე საკუთარი თავი ლამაზად არასდროს მიმაჩინდა. სკოლაში სამაგალითო მოსწავლე ვიყავი, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად აფერხებდა მოდელის კარიერას… „-როგორი ლამაზია, სცადოს მოდელობა… -არაა, კარგად სწავლობს“ – პასუხობდნენ ახლობლები. მე კი ჩემს გულში ოცნებებს ვთრგუნავდი.
ბავშვობის პერიოდი ბევრი ადამიანისთვის ყველაზე ტკბილი მოგონებაა, მე კი ერთი სული მქონდა როდის გავიზრდებოდი. ძალიან დიდი გაჭირვება მქონდა, მუდმივად ნაჩუქარი ტანსაცმელი მეცვა და უმეტესად სკოლაში წიგნები არ მქონდა. თუმცა ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას, მე ვერ ავდგებოდი მთელი კლასის წინაშე და ვერ ვიტყოდი „გაკვეთილი არ ვიცი“, მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ ძალიან სწრაფად ვითვისებდი მასალას. კლასელები წიგნებს მათხოვებდნენ ხოლმე, ან შესვენებაზე მაინც გადავიკითხავდი და ვასწრებდი დავალებების მომზადებას. განათლებას მუდმივად ვებღაუჭებოდი, ვხვდებოდი, ეს ერთადერთი იყო, რაც გადამარჩენდა – და მე არ შევცდი.
როგორც კი პირველი შესაძლებლობა მომეცა, 17 წლიდან ვმუშაობდი, არ მინდოდა დედასთვის ზედმეტი ტვირთი ვყოფილიყავი. ამიტომ ჩემი მთელი ინვესტიცია – 8 ლარი იყო, ვიყიდე ერთი კოსმეტიკური კომპანიის კატალოგები და საღამოს 9 საათის შემდეგ საბურთალოს ტერიტორიაზე ღია სადარბაზოებში შევდიოდი, კარზე ვაკაკუნებდი და ხალხს კოსმეტიკის შეძენას ვთავაზობდი. მაშინ რა ვიცოდი ან გაყიდვები ან ბრენდინგი, ლოგიკურად გავთვალე, რომ მიზნობრივი აუდიტორია სამსახურიდან პირობითად საღამოს დაბრუნდებოდა და შემეძლო მათთვის ასეთი სერვისი შემეთავაზებინა.
დღეს რომ ვუფიქრდები 17 წლის ახალგაზრდებთან პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში ვმუშაობ და არც ერთ მათგანს არ ვუსურვებ ზამთარში ყინვაში, ხან წვიმაში ქუჩაში იარონ, ღია სადარბაზო ეძებონ და კოსმეტიკის გაყიდვა სცადონ. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ეს განვლილი გზა მეამაყება. ასე გარეთ სიარულით სხვათაშორის გაყიდვების მაჩვენებელი ისე გავზარდე, კომპანიამ დამიფასა, ჩემი ინტერესების და უნარების შეფასების შემდეგ კი ტრენინგების ჩატარების შანსიც მომცეს. მაშინ აღმოვაჩინე, რომ დიდ აუდიტორიასთან მუშაობა ბედნიერს მხდიდა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა სიხარულს და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, როცა 18 წლის ქალაქის საუკეთესო სასტუმროების საკონფერენციო დარბაზში გამოვდიოდი და ასაკით ჩემზე ორჯერ, სამჯერ დიდ აუდიტორიას ვასწავლიდი გაყიდვებს და ვუქმნიდი სწორ მოტივაციას.

ფსიქოლოგიით პატარაობიდან ვინტერესდებოდი, როგორც კი ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა მომეცა, ამ საქმეს „ჩემი აზრით“ სრული სერიოზულობით მოვეკიდე და უცხოურ ტრენინგებს ვთარმნიდი, მასალას ვამზადებდი და შემდეგ აუდიტორიის წინაშე გამომქონდა. 18 წლისას ერთი ნაკადი აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახების დიასახლისები შემხვდნენ. გინახავთ ასეთი ქალბატონები? ისინი საკუთარ თავს უკანასკნელ ადგილას აყენებენ, ითმენენ და იტანენ ყველაფერს, დღემდე მახსოვს მათი დაკარგული და ჩამქრალი თვალები, როცა პირველად შევხვდი. ამ გადმოსახედიდან ცოტა მეღიმება და გული სითბოთი მევსება, რა ვიცოდი ან ფსიქოლოგიის ან ტრენინგების… მაგრამ მათ შედეგი ორი სამი შეხვედრის შემდეგად კი ჰქონდათ. ჯერ ვხედავდი ყოველი დღის შემდეგ როგორი გალამაზებულები, გაპრანჭულები მოდიოდნენ, შემდეგ მათ სახეზე ღიმილი გამოჩნდა და ბოლოს ფინანსური შედეგებიც დააფიქსირეს. ერთხელ თავდაჯერებულობის და მიზნების დასახვის ტრენინგზე ჩემ მიერ დასმული კითხვები შემომიბრუნეს: „მერი, შენ თვითონ რაზე ოცნებობ“ და მაშინ გავუმხილე, რომ მოდელობაზე ხანდახან ოცნებას ვბედავდი… მკითხეს – რა გამიკეთებია ამისთვის და მე ძალიან შემრცხვა, მაგრამ ვუპასუხე, რომ არაფერი. ქალბატონებმა ეს გააპროტესტეს და მომთხოვეს რომ რამე მაინც უნდა გამეკეთებინა საკუთარი ოცნებისთვის…
ამ იდეით გატაცებულმა სტუდენტმა პირველივე კონკურსს მივაგენი და ქასტინგზე გავედი… ოღონდ გავედი ისე, რომ მოდელს ამ წუთებში უფრო ვგავვარ, ვიდრე იქ გასული… მუხლზე სიგრძის კაბით, რომელიც ძალიან არამომგებიანია… საშინელი მაკიაჟით და სქელქუსლიანი ფეხსაცმლით… არ ამიყვანეს…. ახლა მესმის რატომ… სინამდვილეში მთელი ჩემი არსებით, ფსიქიკის დაცვის მექანიზმებით წინასწარ მოვემზადე მარცხითვის, რომ იგი უფრო მარტივად გადამეტანა… ქასტინგზე ზუსტად ამას ვასხივებდი – არ ამიყვანოთ, ყველაზე არათავდაჯერებული ვინმე ვიყავი… თუმცა მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე და მოდელობა გვერდით გადავდე.
პროფესიის არჩევისას მე თავად დავუშვი შეცდომა. როგორც უკვე მიხვდით, ფსიქოლოგია ჩემი ინტერესის სფეროს თავიდანვე წარმოადგენდა, მაგრამ გარშემო ნაცნობები მიმეორებდნენ „აი ჩემი მეზობელიც ფსიქოლოგია და ზის სახლში უმუშევარი, შენ რა უნდა გააკეთო და ა.შ.“ გამოუცდელობის და ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით მე დავუჯერე მათ და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე, მართალია სახელმწიფოს 100%-იანი გრანტით. 2 წლის განმავლობაში დავდიოდი უნივერსიტეტში, ვესწრებოდი სემინარებს და ვგრძნობდი რაღაც ძალიან მაწუხებდა. მე კარგად მესმის თითოეული ადამიანის, რომელიც არ რეალიზდება, არ უსმენს საკუთარ შინაგან ხმას და არ მუშაობს „თავისი“ მოწოდების მიხედვით. უნივერსიტეტამდე მისული ხანდახან ლექციებს ვაცდენდი, ბიბლიოთეკაში შევდიოდი და ისევ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ვთარგმნიდი, მიმაჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი იყო, ვგრძნობდი იმ ქალბატონებს ვჭირდებოდი… მაგრამ მაინც ვერ ვბედავდი სწავლის მიტოვებას, არც მობილობის გზები მომიძებნია, წარმოდგენა არ მქონდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ პრობლემას საკუთარ თავში ვეძებდი… დაიწყე ამ მიმართულებით სწავლა? მიიყვანე საქმე ბოლომდე ვეუბნებოდი საკუთარ თავს… დღეს კი ვხვდები, რომ დაწყებული საქმის ყოველთვის ბოლომდე მიყვანა და საკუთარი თავის იძულება საერთოდ არ არის საჭირო, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება მოხდეს ისე, რომ აღმოაჩინო „ეს საქმე საშენო არაა“ და მიმართულება შეიცვალო.
არ ვიცი როგორი ერთფეროვანი, მოსაწყენი და არაფრით განსაკუთრებული იქნებოდა ჩემი ცხოვრება დღეს. როცა გარეთ გავდივარ, მე ვხედავ ადამიანებს ჩამქრალ თვალებს, თვალებს, რომლებსაც მეტი უნდოდათ და რაღაც ფაქტორების გამო ვერ გაბედეს…

– ცოტა ხნის წინ გადაურჩით ხანძარს, ადრე სიკვდილს, უამბეთ მკითხველს ამის შესახებ?
– უკვე 8 წლის წინ ბარბარობის ღამეს, ჩვეულებისამებრ გვიანობამდე ვმუშაობდი, ღამის 3 საათზე აბაზანაში შესვლა გადავწყვიტე და ეს დღე ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მაშინ გაზის გამათბობელმა გაჟონა და მოვიწამლე. აბაზანაში შესვლისთანავე თავი ცუდად ვიგრძენი, იქ ისედაც ბევრი ორთქლი იყო და ძალა მეცლებოდა, ვეღარაფერს ვხედავდი და სხეულში საშინელი უძლურობის შეგრძნება მეუფლებოდა. ტვინი მიხვდა რაც ხდებოდა და ონკანი დავკეტე. თუმცა ვცადე აბაზანიდან გამოსვლა, კარიც კი გავაღე, მაგრამ ძირს დავეცი და გონება დავკარგე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე უგონოდ, ან რა სასწაული მოხდა, მაგრამ შემთხვევით დედას გაეღვიძა. როგორც მოგვიანებით მომიყვა, ძილში რაღაც საშინლად აწუხებდა, თვალები გაახილა და ჩემი ძებნა დაიწყო. როცა მიპოვეს, უკვე ჩემი გადარჩენის იმედიც აღარ ქონდათ… გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პატტული ამბობდნენ რომ მე მოვკვდი…
ამ უმძიმესი შემთხვევის შემდეგ გადარჩენილმა საკუთარ ცხოვრებას სულ სხვანაირი აზრი, დანიშნულება ვუპოვე. ბევრი რამ შევცვალე… მივხვდი, რომ მხოლოდ ერთი წამი გვეძლევა და იგი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. მივხვდი, რომ რაღაც სისულელეებზე დრო არ უნდა ვფლანგო და ის უნდა ვაკეთო, რისთვისაც სინამდვილეში ვარსებობ. ამ ამბის შემდეგ შევიცვალე პროფესია, გადავედი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და ხელახლა ვცადე ბედი სამოდელო კარიერაში. 2017 წელს ჯერ საქართველოში შესარჩევი ტური გავიარე, შემდეგ კი მსოფლიო სილამაზის კონკურსიდან „მის ევრაზია“, „მის სრულყოფილება“ და კიდევ სხვა დამატებითი ნომინაციებით დავბრუნდი. ჩემი გამოუცდელობის გამო მანამდე ბედი უამრავ სააგენტოში ვცადე, მაგრამ სამოდელო სააგენტო „კატრინი“ ყველაზე უფრო მეტად აფასებს ნიჭს და სილამაზეს, რისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ. კონკურსზე რომ მივემგზავრებოდი ძალიან ვღელავდი, გამარჯვებაზე და ნომინაციებზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი. კონკურსის პერიოდში კი მივხვდი, რომ ეს უბრალოდ პატარა გოგონას ოცნებაზე ბევრად მეტია – მე აქ საკუთარი სამშობლოს სახელი ღირსეულად უნდა გამეტანა, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს. გავიაზრე, რომ იყო „მის“, ეს არ ნიშნავს უბრალოდ ლამაზ გოგოდ ყოფნას, არც კონკურსში გამარჯვებას და გვირგვინს ნიშნავს, იყო „მის“ – ეს ცხოვრების სტილია. „მის“ სილამაზის გარდა სამაგალითო, სანიმუშო უნდა იყოს, „მის“ ზედმეტად არ სვამს, არ ეწევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობით არის დაკავებული. მე ამ მიმართულებით საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე და გადავწყვიტე რეალურად დიდი წვლილი შემეტანა საზოგადოების და განსაკუთრებით კი ქართული საზოგადოების განვითარებაში. საკუთარ გარეგნობაში არ ვთვლი, რომ როდესმე დიდი წვლილი შემქონდა, დღემდე კარგ ფორმას თვითონაც არ ვიცი როგორ ვინარჩუნებ, გენეტიკის გამო გამიმართლა, თორემ გემრიელობები ძალიან მიყვარს და ცხოვრებაში არ მივარჯიშია.
არც ისე მარტივი ცხოვრება მაქვს, მუდმივად სირთულეებთან მიწევს გამკლავება. რამდენიმე თვის წინაც გამთენიისას კვამლის სუნმა გამაღვიძა. კერძო სახლში ვცხოვრობდი და კართან ხის კარადაში „შემთხვევით“ ხანძარი გაჩნდა, სულ ქვედა თაროზე და იმ ფაქტის გათვალისწინებითტ, რომ ახლოს არანაირი მილები და სადენები არ ყოფილა. ელის (ჩემს ლეკვს) რომ ხველა არ დაეწყო ალბათ არავის გაგვეღვიძებოდა, ვინ იცის მთელი სახლი დაიწვებოდა. ჩემი ძმა იურისტია, მაშინ ბათუმში იყო სასამართლო პროცესზე, როგორც კი ეს ამბავი გაიგო, მაშინვე გამოიქცა, ყველა სტრუქტურა ჩავრიეთ და გამოძიებაც დაიწყო. ფაქტია, ყველა აღიარებს, ეს ხანძარი თავისით ვერ გაჩნდებოდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი რას მივაწერო ადამიანების ასეთი საქციელი. საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა, თუმცა დაცვის ზომების გამკაცრება მოგვიწია.
– რა სირთულეებს წააწყდით კარიერული ცენტრის შექმნისას?
– დღეს მოდის სფერო ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნო ჰობია. ვფიქრობ, რომ ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან, ღირებულ და სასარგებლო საქმეს ვაკეთებ. „მის ევრაზიის“ გვირგვინი ჩემთვის საკუთარ თავზე გამარჯვებას, იმის არდაჯერების სურვილის დაძლევას ნიშნავდა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. კონკურსზე გამგზავრებამდე უკვე ვმუშაობდი ადამიანური რესურსის მართვის მენეჯერად, თუმცა ამ პოზიციაზე მუშაობით უფრო მეტად კომპანიის მხარეს იხრები: ვთქვათ გაქვს მიმდინარე ვაკანსია და შენი ამოცანა 100 აპლიკანტისგან აარჩიო 1 საუკეთესო, რომელიც ყველაზე უკეთ შეძლებს გაართვას თავი ამოცანებს სამუშაო ადგილზე და შენ პრინციპში არ გაინტერესებს დანარჩენი 99, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ დასაქმდნენ… არადა ვხვდებოდი თითოეულ აპლიკანტს და ზუსტად ვიცოდი რა იყო მათი შეცდომა, რა აკლდათ წარმატებისთვის, იყო ეს ცოდნა, უნარი, თვითპრეზენტაცია… მჯეროდა, თუ ისინი ერთ კვირას მაინც მომცემდნენ მათთან მუშაობისთვის, შევძლებდი მათი კარიერა და ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შემეცვალა!

ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, სტაბილური სამსახური მივატოვე და გადავწვიტე ადამიანებს კარიერულ რეალიზაციაში დავხმარებოდი. უნივერსიტეტში სწავლისას გავიარე მხოლოდ ერთი საგანი „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის მენეჯმენტი“, რამაც ძალიან დამაინტერესა უბრალოდ მუდმივად ვისმენდი, რომ ეს ფსიქოლგიის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა და სამწუხაროდ ახლა მსგავსი ცენტრები თითქმის არ არსებობს. ამან ხელი არ შემიშალა, რომ ერთ-ერთი პირველი და დღეს უკვე ლიდერი „კარიერული განვითარების ცენტრი“ მე შემექნა. აბსოლოტურად ინვესტიციის გარეშე, სამსახურიდან წამოსულმა დავიწყე ამ საქმის კეთება, მაშინ ტერმინი „პროფორიენტაციის“ მნიშვნელობაც კი სიახლე იყო, ბევრი კურიოზიც გადაგვხდა თავს, ყველაზე მეტად სკოლის დირექციისგან მწყინდა, როცა ისმენდნენ პროფორიენტაციას – მპასუხობდნენ „ააა მეცხრეკლასელებთან შეხვედრა გინდათ, პროფესიული სასწავლებელი ხართ?“ რაზეც მე ვპასუხობდი, რომ მეცხრეს გარდა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იყო ჩემთვის საინტერესო, ვინც პროფესიის არჩევაზე ახლა ფიქრობდა. თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში როცა ვუთხარი, რომ მომავალი პროფესიის არჩევაში დავეხმარებოდი, დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით ვადევნებ თვალყურს პროგრამის პირველ ნაკადს, ახლა უკვე სტუდენტები არიან და თანაც ძალიან ბედნიერები, სხვა სტუდენტებზე გაცილებით უფრო გარკვეულები საკუთარ კარიერულ მიზნებში, ჩვენი დახმარებით, უკვე იცნობდნენ სფეროში წამყვან ექსპერტებს და კომპანიებიც დიდი სიხარულით ელოდებოდნენ როდის ისწავლიდნენ რომ ისინი დაესაქმებინათ. როგორც კი ახალგაzრდების მოტვირებული სახე და ანთებული თვალები დავინახე, მაშინვე გადავწყვიტე „რკინის ქალამნებს“ ჩავიცვამდი და პროფესიის არჩევისას მათთან შესახვედად, გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო ექსპერტებს მოვიწვევდი. ასე ჩავრთე პროფორიენტაციის პროექტში 70-ზე მეტი კომპანია – როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიდან ლიდერები გავაერთიანე, რომ ახალგაზრდებს ენახათ საუკეთესო. რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალი თაობის აღზრდა გვჭირდება და მათ უნდა დავეხმაროთ. მხოლოდ გასულ წელს, პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში 2386 ახალგაზრდას დავეხმარეთ მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში. ჩვენ მათთვის შევძელით, რომ პროფესიები გაგვეცოცხლებინა და მივეცით ერთთვიან თავგადასავლებში ჩართვის შესაძლებლობა, მაგალითად თუ მოზარდს აინტერესებდა სამართალი – ვიწყებდით შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტთან ერთად გამოძიების პროცესის იმიტაციით და ვასრულებდით უზენაეს სასამართლო პროცესში, იმისთვის რომ ახალგაზრდებს ენახათ პროფესია დანაშაულის ადგილიდან – სასამართლო პროცესის ჩათვლით, ირგებდნენ როლს და თავად ასრულებდნენ შესაბამის დავალებებს, საბოლოოდ კი როლის მორგებით მათი გადაწყვეტილება უფრო მეტად დაზუსტებული და გადამოწმებული იყო. აი ეს არის პროფესიის არჩევისას სწორი მოდელი. ინდივიდი თვითგამორკვევის შემდეგ როცა მისთვის საინტერესო სპეციალობებს გამოყოფს და თითოეულ მათგანს საკუთარ თავზე მოირგებს. ჩვენთან კი პირიქით ხდება – ჯერ ვგეგმავთ განათლებას, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და შემდეგ კი ვნახულობთ სინამდვილეში, პრაქტიკაში როგორია ჩვენ მიერ არჩეული პროფესია… უჩემოდაც კარგად იცის საზოგადოებამ გულწრფელად რამდენი ადამიანი მუშაობს იმ სპეციალობით, რომელზეც ისწავლა… და საერთოდ რამდენი პროფესიონალი გვყავს ნებისმიერ სფეროში…
კორონა ვირუსის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ ადამიანების კარიერული განვითარება და საჭიროებები განსხვავებული გახადა, ახლა დიდად შეიცვალა შრომის ბაზარი და საჭიროა ამ მდგომარეობასთან ადაპტაცია. „კარიერული განვითარების ცენტრმაც“ საკმაოდ დიდი სირთულეები გადალახა, თუმცა უნდა ვაღიარო, საბოლოო ჯამში ჩვენთვის უკეთესიც კი აღმოჩნდა შექმნილი მდგომარეობა. თუ აქამდე ვმუშაობდით მხოლოდ თბილისში, ახლა ჩვენი პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ქართულ ენაზე მოსაუბრე აუდიტორიას შორის. ახლა ჩვენი სერვისებით სარგებლობენ დუბაიდან, მოსკოვიდან, იტალიიდან და სხვ. სწორედ პანდემიამ გვაიძულა დაგვეხვეწა და ამჟამინდელი გამოწვევებისთვის მოგვერგო ჩვენი პროგრამები და ამჟამად უკვე დისტანციურად ვეხმარებით ადამიანებს ოცნების სამსახურის მოძებნაში, ყველა საჭირო ასპექტის გათვალისწინებით, რეზიუმედან და დოკუმენტაციიდან დაწყებული, ხელფასის მოთხოვნით და სამსახურში სოციალიზაციის პროცესის წარმატებით დამთავრებული, თავდაჯერებულობის ზრდაში, რაც ახლა განსაკუთრებით ყველას გვჭირდება და ბოლოს, პერსონალური ბრენდის გააქტიურებაში, რაც გულისხმობს სწორ პოზიციონირებას, მონეტიზაციას, ცნობადობის და შემოსავლების ზრდას ნებისმიერ სფეროში მომუშავე სპეციალისტისთვის. პანდემიის მიუხედავადაც კი ამ სწრაფი პროგრამების გავლის შედეგად ადამიანები ახეხებენ რომ იპოვონ სასურველი სამსახური, წამოიწყონ ახალი ბიზნესი, ნებისმიერ ნიშაში გაზარდონ გაყიდვები, ახლა უკვე ამის უმარავი მაგალითი გვაქვს დაგროვილი. მაგალითად, ერთ თვეში ჩვენი პროგრამის გავლის შედეგად მხატვარმა მოახერხა რომ ყველა თავისი ნახატი გაეყიდა იმაზე უფრო ძვირად, ვიდრე აფასებდა, ფარმაცევტმა – საკუთარი კოსმეტიკური ხაზი შექმნა და პირველი სერიის გამოშვებამდე უკვე გაყიდა, აღარაფერს ვამბობ იურისტებზე, მარკეტერებზე, ფსიქოლოგებზე, ბიზნესმენებზე და სხვა… ადამიანებმა შექმნილი რთული და არაიდეალური მდგომარეობის მიუხედავად აქვთ სერიოზული შედეგები, კარიერული ზრდა და მიღწევები, რომლებიც მეც, მათაც და გარშემომყოფებსაც აღაფრთოვანებს.
– რა არის წარმატების სამი მთავარი კომპონენტი?
– მიყვარს ასეთი ფრაზის თქმა „თითოეულ ჩვენგანში ვარსკვლავია, საჭიროა მხოლოდ აღმოვაჩინოთ ზუსტად რა ვარსკვლავი და შევურჩიოთ სწორი ცა პოზიციონირებისთვის, მეტი სიკაშკაშისთვის“. წარმატება შემთხვევით არ მოდის, ჩვენ მას მიზანმიმართულად ვგეგმავთ – ანუ ვამზადებთ ადამიანებს საჭირო დროს საჭირო ადგილას მოსახვედრად და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მიხარია და მეამაყება რომ მაქვს შესაძლებლობა ადამიანების ცხოვრების და კარიერის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ჩვენამდე მოსულ ადამიანებს უბრალოდ არ ვაძლევ უფლებას აქედან წარმატების გარეშე წავიდნენ. წარმატებისთვის კი ყველა პირობას ვუქმნი – თვითგამორკვევა, მათში არსებული რესურსის ძებნა და სწორი შეფუთვა, მონეტიზაცია, მხარდამჭერი სანდო გარემო, სადაც მოხვედრის შემდეგ თვითრეალიზაცია ბუნებრივი პროცესი ხდება. ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ შექვქმნათ მეტი წარმატება ადამიანებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.












