ლელა წურწუმია ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ამ მძიმე წელიწადში ახლობლები დაკარგა. გარდაეცვალა მეგობარი, შვილის ნათლია… როგორც ამბობს, დაეღუპა ბევრი ნაცნობი. მიუხედავად თავისი ნეგატიურობისა, მიაჩნია, რომ ეს უცნაური პერიოდი თავის პოზიტიურ შედეგს მაინც მოგვიტანს. სასოწარკვეთისა და დანებების უფლება კი არ გვაქვს.
ლელა წურწუმია: როგორც “ფეისბუქის” “მემორი” აგდებს ძველ ფოტოებს, ასე აგდებს ჩემი ტვინი, როგორი იყო შარშან ამ დროს ჩემი ცხოვრება, რას ვაკეთებდი, როგორ ვემზადებოდი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეცვლილია და ახლა სხვა გარემოსა და სხვა რეალობაში ვართ.
ყოველი დღე რაღაცას გასწავლის და რაღაცაზე დაგაფიქრებს. ადამიანი თუ ხარ, ყველა ვარიანტში გექნება ეს განცდები.
ბოლო ათ თვეში ამდენი ნაცნობი ადამიანის გარდაცვალებას, არ ვიცი, როგორ უნდა გაუძლო… რამდენი მაგარი ადამიანი წაიყვანა ამ წელიწადმა… ეს ვირთხის წელი რა აღმოჩნდა. თან არ მინდა ეს სტატისტიკას დაემსგავსოს. ნელ-ნელა, რაღაცნაირად, ალბათ, გავალთ ფონს. ვამბობ ხოლმე, ღმერთო მშვიდობით დაამთავრე ეს წელიწადი-მეთქი. არც მინდა ჩემი თავი შიშში გამოვიჭირო, მაგრამ დავიღალე.
ვინც ოჯახის წევრი დაკარგა კოვიდით, ის ხომ საერთოდ საცოდავია. წარმომიდგენია ეს ადამიანები რა დღეში იქნებიან.
სხვებთან ერთად წელს მე დავკარგე 24 წლის მეგობარი, მარიკოს ნათლია და უმაგრესი ადამიანი, მზია ბალავაძე-დარასელი. ძალიან მიჭირს. ცხოვრების ყოველდღიურობა, რომ ასე სტიქიურად გეცლება, საშინელებაა. ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან, ზოგი გულით, თრომბით, კოვიდით… დიდი ტკივილია.
ამის მიუხედავად, მაინც მინდა ყველაფერს იმედით შევხედო. იმედის ადგილი თუ არ იქნება ჩემს გულში, ტვინში და ცხოვრებაში, მაშინ აზრიც აღარ აქვს საერთოდ არაფერს. სასოწარკვეთა არანაირად არ შეიძლება. ადამიანები ცოდვები არიან. ჩვენ, ცნობილებს, ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისთვისაც იმედის მიმცემია ჩვენი სიტყვა, საქციელი…
თუნდაც ამ ცეკვით, რაც კახუჩელასთან ერთად სპონტანურად ვიცეკვე, მინდოდა ჩემი დამოკიდებულება მეჩვენებინა და პოზიტივი შემეტანა ყოველდღიურობაში, რომ ეგრე ცუდადაც არ არის ყველაფერი. ცხოვრება გრძელდება. გადაივლის ეს პანდემია, უცნაურ პერიოდში ვცხოვრობთ. ას წელიწადში ერთელ არის პანდემია. მიუხედავად იმისა, რომ ამან დიდი ნეგატივი მოიტანა და ქაოტური გარემოა, მაინც საინტერესო პერიოდში ვართ.
ვაქცინის გაკეთებას წლები სჭირდებოდა და აგერ, ცხრა თვეში ვაქცინა დაიდო! ადამიანები დაფიქრდნენ, პრიორიტეტები დალაგდა. რუტინა შეგვეცვალა. აქამდე არაფერი იყო და ჩვეულებრივ მოვლენად ვთვლიდით, თუნდაც, თმის მოწესრიგებას, კაფეში მეგობართან ერთად დაჯდომას, წასვლა-წამოსვლას. ახლა, როცა ყველაფერი შეგვეზღუდა, დავფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ყოველდღიურობა.
მე არ მიყვარს შეგუება. მართალია, გვიწეს კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ “ასეა და რა ვქნა” – მე არ შემიძლია. ადამიანი იმიტომ აზროვნებს, რომ რაღაცები უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. წინ ხომ უნდა წავიდეს.
ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. უფრო პრაგმატულად შევხედოთ რაღაცებს. შორს ვიყუროთ. ეს პერიოდი თავის პოზიტიურ შედეგს აუცილებლად დადებს. რთული იქნება ამ კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ მინდა ნაკლებად მტკივნეული იყოს. ჩვენს თავს დავეხმაროთ, რომ ჩვენი ცხოვრება პოზიტიურად შევცვალოთ. და ეს შენ უნდა გააკეთო, შენი პროფესიონალიზმით და სიყვარულით.












