ვერიკო ტურაშვილის უფროსი ქალიშვილი, ლიზა ბერუჩაშვილი სტუდენტი გახდა. ლიზას ქირურგობა უნდა, თუმცა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს, უფრო კონკრეტული განხრა, ჯერ არ აურჩევია.
ვერიკო “პრაიმამბებს” ქალიშვილზე ესაუბრა და მის მომავალს შეეხო.
ვერიკო ტურაშვილი: – რომ ვაკონკრეტებინებ, მერე ნერვები ეშლება. ამიტომ სწავლის დროს თანდათან მიხვდება, კონკრეტულად რას აირჩევს. უნდა, რომ ქირურგი იყოს. მე კიდევ მინდა, რომ ნაკლებსტრესული პროფესია ჰქონდეს. მგონია, რომ პლასტიკური ქირურგია არის ნაკლებსტრესული. ადრე სურდა, პლასტიკური ქირურგობა. ეს თუ აირჩია, ძალიან გვიანი სიბერე მექნება (იცინის).
ჩვენს ოჯახში ექიმი არავინაა. თვითონ გადაწყვიტა, რომ სამედიცინო სფერო აერჩია. შვიდი წლის წინ თქვა, პირველად, ქირურგი მინდა ვიყოო. ვიფიქრე, მანამდე ათასი ქარი დაუქროლებს-მეთქი, მაგრამ მაინც სამედიცინოს სტუდენტი გახდა.
სერიალ “გრეის ანატომიას” ყველა სეზონს უყურა, კიდევ სხვა რთულ და სერიოზულ სერიალებს უყურებდა.
იცით, მგონია, როდესაც კონკრეტულ პროფესიებს ირჩევენ, უფრო გააზრებული აქვთ, რა უნდათ. არავის არჩევანს არ ვაკნინებ, მაგრამ მაგალითად, ეკონომიურზე რომ აბარებენ, განზოგადებულია და არ იციან, რა პროფეისას ეუფლებიან. ამიტომ ლიზამ რომ სამედიცინო სფეროზე გააკეთა არჩევანი, სიამოვნებით გავჩუმდი და დაველოდე შედეგს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ პროფესიას სჭირდება.
ლიზა ნერვიულობდა, სანამ გავიგებდით შედეგს. მე ოლიმპიური სიმშვიდით ველოდე. სხვათა შორის, არც წელს და არც შარშან, სტუდენტების შეფასებისას, პანდემიური რთული წელიწადი არ იყო გათვალისწინებული. რთულად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები.
მე ვეუბნებოდი, რა შედეგიც არ უნდა მივიღოთ, ყველაფრიდან შეიძლება რაღაც მოტივაციის მიღება და უკეთესად გაგრძელება-მეთქი. გრანტი ვერ აიღო, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. შეუძლია მეტი მოტივაციით ისწავლოს და უფრო კარგი შედეგი დადოს.

სამომავლოდ უცხოეთში უნდა სწავლის გაგრძელება.
კარგი გოგოა და რასაც ამოირჩევს, პასუხისმგებლობით მოეკიდება. სულ რომ ჭრა-კერვა აერჩია, იმასაც დიდი სიყვარულით დაეუფლებოდა.
ზოგადად არ არის აუცილებელი ყველამ უმაღლესი სასავლებლის დიპლომი ირტყას თავში, თუ დიდი სურვილი არ აქვს. ყველა საქმე სიყვარულით უნდა შეისწავლო. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი კარგი კადრის დეფიციტია. ასე რომ, ყველა სფეროს პროფესიონალი კადრი მისასალმებელია.















