ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დაახლოებით 20 წლის წინ, ხმის რეჟისორის – კოტე ნონიკოვის სტუდიაში გაიცნეს. პირველი სპონტანური შეხვედრით ორივე მოიხიბლა. როგორც ზურა ყვება, გამხდარმა და შილიფად ჩაცმულმა ხათუნა ჟორდანიამ მასზე “Wow ეფექტი” მოახდინა.
ამ ისტორიას ხათუნა “პროფილში” ასე იხსენებს.
ხათუნა ჟორდანია: – ისეთ ფორმაში ვიყავი, მარტო ზურა არა, ვინც იქ იყო, ყველა გაშეშდა.
რუსამ ახალი სიმღერა დაწერა ნინისთვის, “გული ელოდება” და არანჟირებისთვის უნდა მიმეტანა.
ვიცოდი, რომ მხოლოდ კოტე ნინიკოვი უნდა ყოფილიყო სტუდიაში. ძალიან ცხელოდა, მე კიდევ ტიტველი დავდიოდი. ქმარი და შემმოწმებლი არ მყავდა და რა პრობლემა იყო?!. მოულოდნელად, იქ დამხვდნენ “ქუჩის ბიჭები”. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ.
რუსამ ნინის სიმღერა დაუკრა. პიკასომ ყური მოკრა, მოეწონა, რა კარგი სიმღერაა, ჩვენც ვიმღერებთო. რუსა სიხარულით გაგიჟდა, რადგან ნინი თუ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად იმღერებდა, ეს სიმღერა გაჰიტდებოდა და ზუსტად ვიცოდით, პოპულარული გახდებოდა.
ვათვალირებდი სტუდიას, მერე პაატას შევხედე, გურამიკოს და ასე მზერით მივედი ზურამდე. დედა, რა კარგი ბიჭია-მეთქი, ვიფიქრე. შევხედე რუსას მოხიბლული სახით, რუსამ წარბი აწია და არაო, თავი გააქნია, პატარები არიანო.
მოკლედ, დაიგეგმა დუეტის ჩაწერა. მომცეს ზურას ნომერი, როგორც ჯგუფის ლიდერის. მას უნდა დავკონტაქტებოდი. მომდევნო დღეებში დავურეკე, სიმღერისთვის გია ჯოხაძეს მინდა ტექსტი დავაწერინო და პრობლემა ხომ არ არის-მეთქი? არა, თუ შეიძლება მეც წამოვალო.
ახალი ლამაზი მერსედესი კაბრიოლეტი მყავდა, გავუარე ზურას და კიკეთში, გია ჯოხაძესთან ავედით. ნინიმ ბიჭებთან ერთად უნდა იმღეროს და მინდა ტექსტი შენ დაწერო-მეთქი. გიამ დაიწყო ჩემი “დახასიათება” – ეს, იცი, როგორი გოგო? ეუბნება ზურას. ხინკალი უყვარს და იდაყვებზე რომ ჩამოეწუწება, ილოკავსო. მერე მწვანე ხახვს მარილში ჩააწებს და ჭამსო. ვერ გავაჩერე. თან სვამდა, თან ასეთ რამეებს ეუბნებოდა. გავედი გიას ცოლთან, თამუნასთან. მიშველე-მეთქი. მან მითხრა, რომ დაინახავს, მისი “პადრუგა” ვიღაცას მოწონს, იწყებს ამ დაქალის ლანძღვასო. ეტყობა, შეამჩნია, რომ ზურას მოსწონხარ და ახლა შენს ლაძღვას დაიწყებსო. შემდეგ, გია ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვინც ხელს გვიწყობდა. მერე მან ზურა მონათლა და ჩვენი ახლობელი გახდა…












