შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს – “მოხსენით კომენდატის საათი, დაგვიბრუნეთ მუშაობის საშუალება, ხელოვანი ხალხიც ადამიანები ვართ!” პოსტზე მონიშნულია საქართველოს მთავრობა.
იდენტური პოსტი ედო სალომე ბაკურაძეს, სოფო გელოვანს, მარიტა როხვაძეს, ნატო დუმბაძეს. კახა მამულაშვილიც გამოეხმაურა პოსტს – ხელოვანი-ც ადამიანია.
სალომე ბაკურაძემ “პრაიმაამბებთან” თქვა, რომ მის პოსტს რეაგირება გუშინვე მოჰყვა.
სალომე ბაკურაძე: – მთავრობიდან დამიკავშირდნენ, ვისაც ეს თემა ეხება და დაიგეგმა შეხვედრა. კონკრეტულად ვის ვესაუბრეთ, ალბათ, ჯერ, შეხვედრამდე, მას არ მოესურვება ამის დასახელება. სამ დღეში უნდა შევიკრიბოთ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რესტორატორები და მერე, ალბათ, დაითქმება მოლაპარაკების შეხვედრის დრო. შეგვხვდება ის, ვისაც ჩვენი გულისტკივილის მოსმენა და რეგულაციების შემსუბუქება ეხება. რეაგირებისთვის მოვაწყეთ ეს ფლეშმობი, არ გვინდოდა, რომ მხოლოდ ასოები გვეწერა “ფეისბუქზე”. დიდი იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, უკეთესობისკენ შეიცვლება შეზღუდვები, რომ ელემენტარული სამუშაო გაგვიჩნდეს. უკვე დამავიწყდა ბოლოს როდის და სად ვმუშაობდი. თუ შემსუბუქება მოხდება და კლუბებსა და რესტორნებს ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ, ბუნებრივია, ჩვენთვისაც გაჩნდება სამუშაო.
– შენი პოსტის ქვეშ, სადაც მთავრობას მუშაობის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავ, იყო შენი ქმრის, რესტორატორი ლაშა ბასლანძის კომენტარი – როგორი დემოკრატია გვაქვს ოჯახშიო. ცნობილია, რომ ის მმართველი პარტიის გულშემატკივარია.
– ეს ხუმრობანარევი კომენტარი იყო. არც მე ვერევი მისი აზრის გამოხატულებაში, არც – თვითონ. ამიტომ გაუსვა ხაზი ჩვენს დემოკრატიულ ოჯახს.












