ბევრმა უკვე იცით, იუთუბარხზე პლათფორმა GR Music-ის შესახებ. პლათფორმის დამაარსებლებმა – თამაზ ორაშვილმა და გიორგი დეკანოიძემ საზოგადოებას, გასულ წელს, შესთავაზეს პროექტი საინტერესო სინთეზით – კულტურული მეკვიდრეობისა და ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლების გადაკვეთა ელექტრონულ მუსიკასთან.
თამაზ ორაშვილის სახელი ქართულ კინოსამყაროში ყველასთვის კარგად არის ნაცნობი. ეს პლათფორმა მისი და ახალგაზრდა თაობის კოლაბორაცით შეიქმნა, ანუ ცოდნის, ენერგიის და გამოცდილების სინერგიაზე დაყრდნობით, რომელიც ბუნების და კულტურის ელემენტების ჰარმონიზირებაზეა ორიენტირებული. საფესტივალო ტერიტორიაზე შეკრების ძირითადი მიზანი, ისეთი მულტიკულტურული სივრცის შექმნაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარი კულტურული სივრცისთვის დამახასიათებელ ელემენტებს გაუზიარებენ.
საქართველოს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გადაღებულ ელექტრუნული მუსიკის ვიდეოსეტებს თავიანთ პლათფორმაზე GR Music ათავსებენ. და ასეთი უკვე ცხრა გადაღებული ვიდეოსეტი აქვთ.
პროექტი ტურისტების მოზიდვისა და მათთვის ჩვენი ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების გაცნობას ემსახურება. ორგანიზაციულ საკითხებში, პროექტის დამფუძნებლებს, გვერდით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უდგას.
ტანდემმა ახალი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის იდეა შეიმუშავა. 2021 წლის აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში GR Fest-ი გეგმავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ქ. დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბაზე, საფესტივალო სახელით „ზეზვა და მზია“, სადაც სტუმრები ფესტივალის ლოკაციამდე მისვლამდე, გზად გაივლიან დმანისის მუზეუმ-ნაკრძალს.
მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრე პალეოლითური ძეგლი. ის მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
სწორედ დმანისელი ადამიანია “პირველი ევროპელი.“
“თუ ამ ფესტივალის ჩატარების საშუალება მოგვეცა, ეს იქნება საგიჟეთი. პოსტპანდემიური სიტუაციის შემდეგ, ნამდვილი აწყვეტა გამოვა… მით უმეტეს იმ რიტმებში, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მსმენელს. ამას ვგრძნობ წინასწარ. წელს მხოლოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის გავაკეთებთ… იმედია, მოგვეცემა ამის საშუალება. როგორც შარშან ჩატარდა.
კოვიდპერიოდში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად, “ზეზვა და მზიას” ფესტივალი რეივერებისთვის საუკეთესო სივრცე იქნება”- ჩვენთან საუბარში ამბობს თამაზ ორაშვილი.

ყველაფერი ასე დაიწყო: ელექტრონული მუსიკის ვიდეოსეტების გადაღების იდეა 2019 წლის ბოლოს, ნოემბერში გაჩნდა, როდესაც “chek in Georgia“-ს მიერ მოწყობილ კონკურსზე გამარჯვებულ თამაზ ორაშვილს დაგეგმილი ჰქონდა ფესტივალი – GR Fest-ის მოწყობა.
თამაზ ორაშვილი: – აჭარაში, კერძოდ კი ციხისძირში, პეტრას ულამაზეს ციხეზე, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ტექნო ფესტივალი ჩავინიშნეთ. ყველაფერი ორგანიზებული გვქონდა.10 აგვისტოს იყო დედლაინი და უცებ, რატომღაც დედლაინამდე, 8 დღით ადრე, ქობულეთის მერიამ გამოგვიცხადა, ივენთს ვერ ჩაგატარებინებთო. სასულიერო პირებმა, იქ ნანგრევებში წირვა-ლოცვას ვატარებთო, წმინდა ადგილიაო და აქ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ვერ ჩაგატარებინებთო. არ იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ, ამიტომ კონფლიქტში არ შევედი. ლოკაცია შევცვალეთ და ქობულეთის ფიჭვნარში გადავიტანეთ ფესტივალი. ამ გადაადგილების გამო ფინანსურად დავზარალდით. სახელმწიფო სტრუქტურა „შემოქმედებითი საქართველომ”, რომელიც კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ სიპს წარმოადგენს, არაფერი გაითვალისწინა ჩვენი მდგომარეობის შესახებ, რის გამოც გვერდში არ დაგვდგომია და ფინანსურ ზარალზე გაგვიყვანეს. სამწუხაროდ, დღესაც მაგ ვალებს ვიხდით საქართველოს ბანკში.
სასულიერო პირებისაგან ასეთ წინააღმდეგობას გადავაწყდით, არადა, ჩვენი მიზანი იყო ელექტრონული მუსიკისა და ვიდეო კონტენტის საშუალებით გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენი ისტორიული წარსულით გვსურს საზოგადოება მეტად ინფორმირებული გავხადოთ – საიდან მოვდივართ, ვინ ვართ და საით მივდივართ .
და რაც მთავარია, გვსურს საქართველოს ცნობადობის გაზრდა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვფიქრობთ, ამ პროექტით, ქვეყანას უფრო მიმზიდველს გავხდით.
პროექტი ძირითადად ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსების ჩართულობას განაპირობებს.
ძველისა და ახლის ამგვარად შერწმის იდეამ დიდი ინტერესი გამოიწვია და რაც მთავარია, საზოგადოებას ეს პროექტი მოსწონთ.
ჩვენს ქვეყანაში, ღვთის წყალობით, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ ამოვწიოთ ეს თემა, უფრო საინტერესო გავხადოთ სტუმრებისთვის, უცხოელებისთვის თუ ქართველებისთვის. მით უფრო – ახალი თაობისთვის. ამიტომ ელექტრონული მუსიკის ქართველი არტისტების მიერ შესრულებული მუსიკალური ვიდეოსეტები სწორედ ამ ადგილებში ჟღერს, მას ვიდეოზე ვიღებთ და ჩვენს პლათფორმაზე ვათავსებთ.
ერთ წელიწადში, დაახლოებით, ცხრა ვიდეოსეტი გვაქვს უკვე გადაღებული. პანდემიის დროსაც გადავიღეთ თბილისის სატელევიზიო ანძა და გმირთა მოედანი.
პირველი ვიდეოსეტი სამშვილდეში გადავიღეთ, უნიკალური ძეგლია, თეთრი წყაროს რაიონში. არქეოლოგიური კვლევის შედეგებით, მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარს. შემდეგ უფლისციხეში, კაზრეთის კარიერზე, ფანტასტიკური ლოკაციაა. მეუფის კურთხევით ბოლნისში, ელიას მთაზეც გვქონდა გადაღება. ენგურის თაღოვანი კაშხალი კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია, იქაც საინტერესო გადაღება შედგა. გვაქვს ვიდეოსეტები გადაღებული თბილისის განახლებული ძველი უბნებიდან…
ელექტრონული მუსიკის ვიდეოსეტების მოსმენა ჩვენი პლათფორმის გარდა სოციალურ ქსელში ჩვენს გვერდზეც შეგიძლიათ.
ეს მხოლოდ ტურისტების მოსაზიდად არ კეთდება. ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა, რომელიც ელექტრონული მუსიკის შექმნაში და მის მოსმენაში არიან ჩართულები, არ იცის, როგორი ღირსშესანიშნაობები გვაქვს საქართველოში. მათაც უნდა ნახონ, გაიცნონ ეს ადგილები. თან არის ისიც, ვისაც ელექტრონული მუსიკა არ აინტერესებდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხათრით, მათაც მოისმინეს ეს მუსიკა.
არ ვიცი, 2021-ში, “ჩექ ინ ჯორჯია” ამ მიმართულებით ჩაატრებს თუ არა კონკურსს, თუმცა ჩვენ მაინც მზადყოფნაში ვართ და საფესტივალო ღონისძიებაზე ფიქრი დავიწყეთ. ლამაზი ადგილები აღმოვაჩინეთ და თან იმ მხარეში, რომელსაც ნაკლებად ვიცნობთ.
ძალიან ძველი ერი ვართ, დიდი აღმოჩენებით. ამიტომ დმანისში, პანტიანის ტბასთან გვინდა ორდღიანი ფესტივალის მოწყობა, თავისი გიჟური იდეებით. ფესტივალის სახელი – “ზეზვა და მზია” ზოგს მოსწონს, ზოგს – არა.

ამ ფესტივალის გიჟურ იდეებში კი ვიგულისხმე შემდეგი რამ: მე მქონია (ალბათ ბევრ სხვასაც) სურვილი, ნეტა, ტყეში გამიშვა და კარგად მაღრიალა ან ცოტა ხნით ველურ მდგომარეობაში მაინც მამყოფა-მეთქი. ის უარყოფითი ენერგია, რომელიც კოვიდმა დაგვიგროვა, უნდა გამოვუშვათ და ტექნომუსიკის თანხლებით დადებითი ენერგით შევიცვალოთ.
კი ვამბობთ, პირველი ევროპელები ვართო, მაგრამ ამ ფესტივალით კიდევ უფრო უნდა დავაინტერესოთ უცხოელები. ეს ასეც იქნება, თუ ამ ფესტივალს სამომავლოდ მსოფლიოს მასშტაბით გავიტანთ და საერთაშორისოს გავხდით.

აგრეთვე მეორე იდეა გვაქვს, ფესტივალი გავაკეთოთ კახეთში, დედოფლის წყაროში, სადაც რუსების მიერ დატოვებული ძველი სამხედრო აეროდრომია, 40-იოდე ანგარია დატოვებული, უზარმაზარი ლოკაციაა. ზუსტად ანდერგრაუნდ-სივრცეა, მაგარი ლოკაციაა და ამ ფესტივალს “ბიგ შირაქი” დავარქვით, “დიდი შირაქის ველი”. თუ თავდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება და ლოკაციის შესაბამის შეფუთვას გაგვაკეთებინებს, სამუზეუმო სანახაობაც გამოვა და ბევრი სტუმარიც ეყოლება ამ რეგიონს.
დღეს თბილისი ელექტრონული მუსიკის მთავარ ცენტრად არის აღიარებული და მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ვისაც რეივ-კულტურა უყვარს, საქართველო მათთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

GR Music-იც გეგმავს შეგიქმნათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ ივენთებს საქართველოში, საგულდაგულოდ შერჩეული ადგილებიდან, გადავიღებთ და მოვახდენთ ვიდეორგოლების ტრანსლირებას.
ამ პროექტით ჩვენ ვეხმარებით მთლიანად ტურიზმის სექტორს, მცირე მეწარმეებს, უცხოელ სტუმრებს ვუქმნით მოტივაციას, რათა უფრო უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და უფრო მეტად ავამაღლოთ ქვეყნის ცნობადობა.







