“ვიხდი მადლობას, რომ არ მხვრეტენ, როგორც წინა მთავრობის დროს, თუმცა წინა მთავრობაზე ლაპარაკიც არ მინდა” – ეს განცხადება მუსიკოსმა გოგი ჭიჭინაძემ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
– არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რაშიც პროფესიონალი არ ვარ. პირველი ტალღის პერიოდში მიხაროდა, ამაყი ვიყავი. ნახევარ დროს აქ ვატარებ, ნახევარს – იქ და როცა პოლონეთში ჩავდიოდი, სულ მესმოდა, საქართველო რაებს შვრება, როგორ უმკლავდებით პანდემიასო. ახლა ასე აღარ არის, გავუსწარით სომხეთს, აზერბაიჯანს… მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ – სხვაგანაც საშინელება ხდება, არც უარესები ვართ, არც – უკეთესები.
ჩვენს ექიმებს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. განუზომელია თითოეულის თავდადება, პროფესიონალიზმი, მაგრამ მხოლოდ ძიუდოში წარმატება ხომ არ ნიშნავს, რომ სპორტში ყველაფერი კარგადაა? ასეა მედიცინასა და სხვა დარგებშიც.
მაქვს შეგრძნება, რომ ქვეყნის მართვისას არასწორი ნაბიჯებია გადადგმული. მეცხრე წელია, ვიხდი მადლობას, რომ არ მხვრეტენ, როგორც წინა მთავრობის დროს, თუმცა წინა მთავრობაზე ლაპარაკიც არ მინდა, ჩემთვის ის არის უხსენებელი. ამათ რომ ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს, რომ იმათკენ მომიბრუნდა გული. გეფიცებით, რაც “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში აღარ არის, იმაზე მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.
– რას გულისხმობთ?
– რასაც ისინი ოპოზიციაში ყოფნისას წყნარად, მშვიდად სჩადიან, ჩვენთვის გაცილებით გულის სახეთქია. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სულ ვფიქრობდი, შევაკვდები და სათქმელს მაინც ვიტყვი-მეთქი, ახლა კი ვხედავ, რომ ყველაფერი ეპატიათ – ორ ადამიანზე არ არის ლაპარაკი, რამდენიმე წელი რომ ისხდნენ ციხეში. ყველას ყველაფერი შერჩა. სად არის აღდგენილი სამართლიანობა?! მეტიც – ბევრი მათგანი უკვე ამ მთავრობაშია. ქუჩაში რომ არ გვესხმიან თავს, ამაზე კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიხადოთ მადლობა? გზებს წინა მთავრობაც აკეთებდა! ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ოპოზიცია მოვიდეს ქვეყანაში, რომ პოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ.
როდესაც ადამიანი რაღაცას ქადაგებს, თუნდაც სიმართლეს ამბობდეს და შენ იცი, თვითონ როგორ იქცეოდა, რას სჩადიოდა, მისი ნათქვამი გაღიზიანებს. ჯობს, რაღაც ცუდი თქვას, ვიდრე ჭკვიანი სახით დაგმოძღვროს იმან, ვინც საშინელებებს სჩადიოდა. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ჭამდნენ, ახლა მარწმუნებენ, რომ ნათელი მომავლისთვის გაერთიანდნენ. ამ გულისამრევი რიტორიკის მე არ მჯერა. ბოღმის, ძალაუფლებისკენ პათოლოგიური ლტოლვისა და ფულის გამო გაერთიანებული ოპოზიციის არ მჯერა!












