საქართველომ დღეს უდიდესი მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა. 81 წლის მუსიკოსი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ანზორ ერქომაიშვილი 1940 წელს ბათუმში დაიბადა.
„ქვეყნიერება ბათუმიდან აღვიქვი. აივანზე გამოვიდოდი პატარა ბიჭი, მაშინ ომის პერიოდი იყო, მახსოვს შემოდიოდა გემები. გამოჩნდებოდა წერტილის მსგავსი რაღაც ზღვის სივრცეში, შემდეგ იზრდებოდა, მოვიდოდა ახლოს და ვხვდებოდი ეს იყო გემი. ჩვენ ზუსტად ნავსადგურის წინ ვცხოვრობდით. დაიყვირებდა გემი… პალმები მაშინ არ იყო… მეთევზეთა ქუჩა იყო აქ, ყოველ დილით გამოჰქონდათ თევზი, ასეთი თევზის ბაზარი მხოლოდ იაპონიაში მინახავს. მზე მახინჯაურის მთებიდან ამოდიოდა და როცა ჩადიოდა, მეგონა იმ ადგილას წყალი დუღდა. ბათუმი ჩემს შთაბეჭდილებაში დარჩა, როგორც თეთრი ქალაქი, ლამაზი ხალხით და სიმღერებით სავსე“ – იხსენებდა ანზორ ერქომაიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ.
სიმღერას პირველად ღრმა ბავშვობაში ეზიარა. მომღერლები იყვნენ მისი წინაპრები, შესაბამისად პატარა ანზორ ერქომაიშვილს ხშირად უწევდა ძველი ხალხური სიმღერების შესრულება.
„ჩემი მშობლიური სოფელი იყო მაკვანეთი, იქ გავიცანი ჩემი დიდი წინაპარი გიგო ერქომაიშვილი, ჯოხზე დაყრდნობილი დაგვხვდა ჭიშკართან, ძველი გახუნებული პალტო ეცვა, თეთრი წვერი ჰქონდა და თეთრი ბაბუ დავარქვი. მამაჩემს ჰკითხა, შენი ბავშვი თუ მღერისო და „მასპინძელსა მხიარულსა“ ვიმღერეთ.
ძალიან პატარა ვიყავი და ჯერ ის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ბაბუას მამა ჰყოლოდა? განმაცვიფრა იცით კიდევ რამ? ას წელს გადაცილებული კაცი ლამაზად მღეროდა, მე რომ არ შემშლოდა, ბაბუა და გიგო ბაბუა ის მაძლევდნენ ბანს, ვიწრო ხიდზე, რომ კაცი მიდის და ხელს შეაშველებენ, რომ არ გადავარდეს.
სიმღერა რომ დავამთავრე დაძაბული ვიყავი. როცა სიმღერა გათავდა, ამოვისუნთქე. ბაბუა კუთხეში იჯდა და იღიმებოდა.
ბაბუა სიმღერებს იცით როგორ მასწავლიდა? მეუბნებოდა აუცილებლად დაუგდე ყური როგორ მღერის პირველი ხმა და ბანიო.
სოფელში გვარების მიხედვით მღეროდნენ და იყო ანსამბლები. რა დამავიწყებს იმ ბერიკაცებს, ყაბალახით რომ ისხდნენ ბუხართან.
ვერანაირად კარგი მომღერალი ვერ იქნები, მითუმეტეს გურულ სიმღერაში, თუ ფრაზის დაბოლოება ადრე არ გესმით. ძველმა მომღერლებმა ჩემი გათვლით 16 ტაქტით ადრე იცოდნენ სად უნდა მისულიყვნენ“ – იხსენებდა ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც „ხმების შემგროვებელს“ უწოდებენ.
ანზორ ერქომაიშვილი ურთულეს პერიოდს მოესწრო, იყო ომი, გადასახლებები… თუმცა მისი ბაბუის ოჯახიდან ყოველთვის გამოდიოდა სიმღერის ხმა. მის პიროვნების ჩამოყალიბებაზე აშკარაა, რომ დიდი გავლენა სწორედ ბაბუამ შეძლო, რომელსაც ქართველი ფოლკლორისტი თითქმის ყველა ინტერვიუში იხსენებდა და ცრემლების შეკავებაც უჭირდა.
„როცა გურულები ფირალებად გავარდნენ, გიგო ერქომაიშვილის ოჯახი პირველი იყო, რომელიც ფირალებს იფარებდა.
მახსოვს მაშინ, როგორ მღეროდა ხალხი პარტიაზე და სტალინზე. ამას გულით მღეროდნენ, სჯეროდათ იმის რასაც მღეროდნენ და ერთი ყალბი ნოტი არ ერია.
1947 წელს ჩემმა დიდმა ბაბუამ ბაბუაჩემს უთხრა მომღერლები დავპატიჟოთო. ის მომღერლები დაპატიჟა, რომლებმაც ქუთაისში პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე იმღერეს 1937 წელს. ნახევარზე მეტი რომ არ მოვიდა სტუმრად, ჰკითხა სად არიანო და ბაბუამ უპასუხა, გადაასახლესო.
სინამდვილეში იცით რა მოხდა? როცა ბაბუა ოლიმპიადის რეპეტიციაზე მივიდა, ნახევარი გუნდი არ დახვდა. აღმოჩნდა, ღამით აიყვანეს ყველა, დაიჭირეს და დახვრიტეს. უბედურება იცით რა იყო კიდევ? მათი ხსოვნის დალევა არ შეიძლებოდა. რადგან ხალხის მტრებად გამოაცხადეს ყველა. კარგა ხანს ვფიქრობდი იმ ადამიანების ბედზე.
1950 წელს ბაბუა ღერლვებული მოვიდა სახლში, ბებიაჩემს უთხრა საშველი აღარ არის, ყველას ასახლებენ, ახლა ლეონიდ ბაბილოძე უნდა გადაასახლონ, ამიტომ ყველას ტანსაცმელი შეაგროვე, მას უნდა მივცეთო. საბარგო მანქანაზე შეყარეს მთელი ოჯახი და წაიყვანეს ლეონიდი.
იმ ღამეს კიდევ რამდენჯერმე ატყდა კივილი, გაირკვა გერონტი ღლონტის, ქორიძეების და კიდევ 5 ოჯახი გადაასახლეს. ასეთი გულმოკლული ბაბუა არ მინახავს, სამი დღე ხმას არ იღებდა“ – ჰყვებოდა ანზორ ერქომაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც ის ამბობს, ჟურნალისტობა უნდოდა, თუმცა ბაბუამ ეს არჩევანი არ მოუწონა.
„ჟურნალისტობა მინდოდა. როცა ეს ვუტხარი ბაბუას, დაფიქრდა და შემდეგ მთელი ღამე მიყვებოდა ჩვენი გვარის ისტორიას. მითხრა, გურულ სიმღერას გადარცენა სჭირდება და ეს შენ უნდა გააკეთოო.
წამოვედი თბილისში და კონსერვატორიაში ჩავაბარე. გივი ლორთქიფანიძე იყო ჩემი პედაგოგი. ბევრს ვმეცადინეობდი, აღარ შემეძლო და სანამ გამოცდები დაიწყებოდა, ავდექი და წავედი ოზურგეთში.
მეორე დღეს ჩამოვიდა ბატონი გივი, ერთი საათი ბაბუას ელაპარაკა, შემდეგ დამიძახა მე და მომიყვა, 29 წლის ასაკში კონსერვატორიის სტუდენტი, როგორ გაიწვიეს ომში, მივხვდი ჩემი პრობლემები მასთან არაფერი იყო და წამოვედით თბილისში.
1961 წელს სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ ანსამბლო „გორდელა“. ბაბუის იდეა იყო ხალხური სიმღერები შეგვესწავლა კონსერვატორიაში.
ანსამბლმა „რუსთავმა“ სწორედ „გორდელას“ ხაზი გააგრძელა. როცა მიზნად დავისახე, ხალხური სიმღერების ანსამბლის შექმნა, ასობით ბავშვი გავსინჯე, მაგრამ პოპულარული არ იყო ეს ჟანრი და ვერ ვარწმუნებდი ბავშვებს ემღერათ. ამიტომ ძველი მომღერლების ოჯახებს ჩამოვუარე, მათი შვილიშვილები შევაგროვე და ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი“.
ნულიდან დაიწყო ხალხური სიმღერების და საგალობლების აღორძინება, რასაც მოჰყვა გასტროლები მთელ მსოფლიოში.
ანზორ ერქომაიშვილმა შეძლო და გაცოცხლებულ ქართულ სიმღერას უდიდესი წარმატება მოუტანა. ასევე ქვეყანას საკუთარი ჰონორარით ჩამოუტანა ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან დიდი ქართველი მუსიკოსების, მათ შორის ვანო სარაჯიშვილის უნიკალური ჩანაწერები.
2000 წელს კი ქართულ სიმღერას „იუნესკომ“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
„2000 წელს შემომთავაზეს ფოლკოლირის კომისიის წევრობა იუნესკოში, 19 წევრი ვიყავით, ყველა მუსიკოსი არ იყო. მომზადდა წინადადება საქართველოდან წარგვედგინა პროექტი, რომელსაც წარვადგენდით იმ სამსჯავროზე სადაც მსოფლიო შედევრები იყო. პროექტს დავარქვით „ჩაკრულო“. მეორე ტურში გავიდა ქართული სიმღერა. თავიდან 100 სიმღერა შეირჩა, შემდეგ 30.
მე ხმის მიცემის უფლება არ მქონდა, ამიტომ მოვიფიქრე ასეთი რაღაც, ჩემი ჩანაწერები დავურიგე და მოვასმენინე ყველას. კიდევ ეშმაკური ხერხი ვიხმარე და „ჩაკრულოს“ ის ვარიანტიც მოვასმენინე ხალხს, რომელიც კოსმოსში გაუშვეს და ამან გაჭრა. კენჭის ყრაზე არცერთი უარყოფითი ხმა არ მიუღია ქართულ სიმღერას. იგი აღიარეს მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად.
გაოგნებული ვიდექი სცენის განაპირას, ვუყურებდი ყველაფერს რაც ხდებოდა სცენაზე და როგორც კინოკადრებმა ისე გაიარეს ძველმა მომღერლებმა.,
ჩემი ყველაზე დიდი სიხარული არის ახალგაზრდა თაობა, რომელმაც შეიყვარა ფოლკლორი. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მადლი. ჩემს თაობას და პირადად მე ღმერთმა სიკეთის გაკეთება დამავალა და ეს რომ ჩემი ხელით გაკეთდა ბედნიერად მიმაჩნია თავი“.















