როგორ მოკრძალებულადაც იცხოვრა, ისევე მოკრძალებული სამუდამო განსასვენებელიც თავადვე აირჩია. პანთეონი არასდროს ჰყვარებია და თავისი საფლავი იქ ვერასდროს წარმოედგინა. ამის მყარი არგუმენტიც ჰქონდა. სურდა შვილის გვერდით დაკრძალულიყო და მორჩა!
მასთან “მოსალაპარაკებლად” მისულებს, მწერლის ცოლმა, ნათელა სეფიაშვილმა უთხრა, გურამი მთაწმინდის პანთეონში არ დაიკრძალება. მისი სურვილი იყო, შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვა და ამაზე აღარ დამელაპარაკოთო.
ამბობენ, გურამი თავის 22 წლის ვაჟთან ერთად ჩაქრა და გარდაიცვალა, უბრალოდ, ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა ამ წუთისოფელში.
თავისი სამტომეული, რომელსაც ბოლო ათი წლის მანიძლზე უწმინდესის კურთხევით წერდა, დაასრულა, წერტილი დასვა, საპატრიარქოს ჩააბარა, დაამთავრა მწერლობა, თქვა, მე წავედიო და წავიდა და წავიდა…
ედმონდ მინაშვილი: – შვილის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხანი არ უწერია ბატონ გურამს. თავის საყვარელ საქმეზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
მისი 22 წლის ვაჟი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად სადღაც აგარაკზე იყო, მოაჯირზე იჯდა და აივნიდან გადავარდა… ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დაახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.
ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ქალიშვილის, ქეთევანის შვილი, თინათინ ჭკუასელი, რომელმაც შეძლო, რომ ბაბუსთვის სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიენიჭებინა. გაგრძელება…









