დაგვეთანხმებით, ვინც სათვალეს ატარებს, მისთვის პირბადის ტარება დიდი ტანჯვაა. სათვალის შუშები იორთქლება და არაფერი ჩანს.
რეჟისორი დათა თავაძე ამბობდა, გერმანიაში, ქუჩაში სიარულის დროს, პირბადის წყალობით, ისე დამეორთქლა სათვალე, რომ ლამის სახლის კედელს მივეჯახეო.
ამასობაში მარინა ბერიძეს, სათვალის მაღაზიაში, აღმოუჩენია სფრეი, რომლის მოხმარების შემდეგ, როგორც გვითხრა, ამოისუნთქა.
მარინა ბერიძე: – მომეჩვენა, რომ სათვალის ნომრის გამოცვლა მჭირდებოდა. მივედი სათვალის გამოსაცვლელად და თან დავიჩივლე, რომ პირბადით ისე იორთქლება სათვალე, ვბრმავდები-მეთქი. მითხრეს, რომ ჰქონდათ ახალი სითხე, რომელიც პანდემიისას შეიქმნა და ეფექტურია. იქვე გავაწმენდინე შუშა და ისე ვიარე ოთხი საათი, საერთოდ არ დაორთქლილა.
“რონიკოში” სფრეის სახით აქვთ, ასხამ ნაჭერზე, წმენდ სათვალეს სახლიდან გასვლის წინ. ექვსი საათი გარანტირებული ხარ.
– განწყობა როგორი გაქვთ?
– არ მაქვს კარგი განწყობა. მიჩუმათებული ვარ, ხან მეჩვენება, რომ ყელი მტკივა, ხან მეჩვენება, რომ ფეხი მაწუხებს. მაინც, ხომ იცით, რომ გიჩიჩინებენ, რომ რისკ-ჯგუფი ხარ, გეჩვენება და დათრგუნული ხარ. ვნერვიულობ, დამეტაკა-არ დამეტაკა-მეთქი და ვარ ასე…













